მკვლელობა თუ ბუნებრივი სიკვდილი? – საბერძნეთში ცნობილი ბიზნესლედი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთის საზოგადოება შეძრა დღეს დილით მომხდარმა ამბავმა – ეგიოში ცნობილი ბიზნესლედი მარიტა ანგელოპულუ საკუთარ სახლში, კალითეა ეგიოში ნათესავებმა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
43 წლის ქალი შაბათ საღამოს შემდეგ აღარ ჩანდა და ახლობლების სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, ამიტომაც ორშაბათს, 25 ივლისს, დილით ნათესავებმა მისი სახლის კარი ხელოსნის დახმარებით გააღეს და იგი დივანზე ნახეს გარდაცვლილი.
მარიტა ანგელოპულუ წლების განმავლობაში ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას საზკვების სფეროში, ჰქონდა საკუთარი ინტერნეტ-გადაცემა, იყო სილამაზის კონკურსების ჟიურის წევრი, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი და ლოგოსში ცნობილი პლაჟის მაღაზია «ანონიმოს» მფლობელი.
მარიტა ანგელოპულუს ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და პოლიცია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რათა ქალის გარდაცვალების მიზეზი დაადგინოს.
გარდაცვლილი ბიზნესლედის მამა – ანგელოს ანგელოპულოსი 2011 წლის 3 თებერვალს მოკლეს ეგიოში თავის სახლთან ახლოს, როდესაც ღამის წვეულებიდან ბრუნდებოდა. იგი მათემატიკის მასწავლებელი და კერძო საშუალო სკოლის მფლობელი იყო.
59 წლის ანგელოს ანგელოპულოსი 23 წლის მამაკაცმა მოკლა ერთლულიანი სანადირო თოფით საცხოვრებელი სახლის გარაჟში. იმავე წლის 11 ნოემბერს მკვლელობისთვის 4 ადამიანი დააპატიმრეს – 27, 24, 23 წლის და 25 წლის (3 ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა ქალი, 27 წლის მამაკაცის პარტნიორი). მათ დანაშაული აღიარეს და განაცხადეს, რომ ანგელოს ანგელოპულოსის 46 წლის ბიზნესპარტნიორის მითითებით და ბრძანებით მოქმედებდნენ, რომელსაც, როგორც იგი ამტკიცებდა, მოკლულთან ფინანსური უთანხმოება ჰქონდა.
2013 წლის აპრილში პირგოსის ნაფიც მსაჯულთა გაერთიანებულმა სასამართლომ 3 ბრალდებულს (მათ შორის, მკვლელობის დამკვეთს) სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, მეოთხეს – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ერთი დაკავებული კი – 25 წლის ახალგაზრდა ქალი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მოკლეს თუ არა 43 წლის მარიტა ანგელოპულუ და უკავშირდება თუ არა ბიზნესში რაიმე უთანხმოებას მომხდარი, ამას გამოძიება დაადგენს. მედიის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ მოულოდნელი გარდაცვალება პათოლოგიური მიზეზბის ბრალია, თუმცა ყველაფერი აუტოფსიის შემდეგ გაირკვევა.
ნინო ბაჯელიძე
P. S. მედიის ინფორმაციით, მარიტა ანგელოპულუს განსაკუთრებით უყვარდა უმცროსი ძმა – ჯორჯი, რომელსაც ხშირად ახსენებდა თავის პოსტებში სოციალურ ქსელში. იგი 22 ივლისს ფეისბუქში გამოქვეყნებულ თავის ბოლო პოსტშიც ჯორჯზე წერს.
კომენტარები