საქართველოსპორტი

ისტორიული გამარჯვება და ესპანელი დიპლომატის მილოცვა NATO-დან საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ესპანელმა დიპლომატმა ხავიერ კოლომინა პირიზმა (Javier Colomina Píriz) მიულოცა.

„საოცარი მატჩი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის! ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს დიდ გამარჯვებას“, – დაწერა ხავიერ კოლომინა პირიზმა Twitter-ზე.

როგორც იცით, ჩვენმა ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში 4 ივლისს სპორტის ახალ სასახლეში იზეიმა.

ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დამატებით ტაიმში დაამარცხეს ანგარიშით 82:76. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა – 67:67.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 35 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამგვარად, ილიას ზუროსის გუნდისთვის თბილისის ახალი სპორტის სასახლე, სადაც ევრობასკეტის მატჩებიც უნდა ჩატარდეს, ფეხბედნიერი გამოდგა.

გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დაძაბული მატჩის შემდგომ მცირე კომენტარი გააკეთა:

„ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. ჩვენ კარგად თამაში გვმართებდა არა მხოლოდ უკრაინასთან მარცხის გამო, არამედ ესპანეთთანვე 20 ქულაზე მეტით წაგებული შეხვედრისთვის.

გვინდოდა, ეს მატჩი ხალხისთვის მოგვეგო, ვამაყობ ყველა კალათბურთელით, სამწვრთნელო შტაბითა და მთელი ნაკრებით. ამ გამარჯვებით უბედნიერესი ვარ“, – განაცხადა შენგელიამ.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ჯგუფი 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა და დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე მე-2 ადგილიდან გავა, თანაც იქ 2 გამარჯვება გადაჰყვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close