fbpx
საზოგადოებადასაქმება

გერმანიაში მარწყვის საკრეფად წასულმა საქართველოს მოქალაქეებმა სასამართლო მოიგეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) აცხადებს, რომ 2021 წელს გერმანიაში საქართველოდან წასულმა მოქალაქეებმა გერმანელ დამსაქმებელს შრომითი პირობების დარღვევა სასამართლოში დაუმტკიცეს და კომპენსაციას მიიღებენ. საუბარია სულ 18 ქართველზე, რომლებმაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების პირობით, გასული წლის გაზაფხულზე დატოვეს ქვეყანა.

„დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულებდნენ სამუშაოს. დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია“, – აცხადებენ პროფკავშირებში.

მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის – 909 ევროს ოდენობით. ამ თანხას გამოაკლდება ფულის ის ნაწილი, რომელიც გერმანელმა დამსაქმებელმა საქართველოდან ჩასულ მუშახელს გადაუხადა.

„პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში წერს, რომ ზოგადი წესებით არ დაუშვებს სააპელაციო საჩივარს, რადგან აპელაციის საფუძვლები ცხადი არაა. ეს იმას ნიშნავს, რომ აპელაციაშიც დიდი ალბათობით ვერ მოიგებს საქმეს… ჩვენი გათვლებით, ორიდან ხუთ თვეში შევა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში და ეს ხალხი აიღებს თანხას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას პროფკავშირების იურისტი თამილა გაბაიძე.

ამ 18 ქართველიდან, 11 საქართველოს სასამართლოებში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წინააღმდეგაც ჩივის. ისინი ითხოვენ მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. მათ ამ საქმეში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ეხმარება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიაში სახელმწიფო პროგრამით სეზონურ სამუშაოზე წასული საქართველოს მოქალაქეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, გასული წლის მაისშივე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ვიდეოში ჩანდა, რომ მარწყვის საკრეფად ჩასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი, 20-ზე მეტი ადამიანი, ღირსების შემლახველ გარემოში ცხოვრობდა და მუშაობდა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close