აპრილში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის 60%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აპრილში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 91.5% მოდიოდა.
ყველაზე მეტი თანხა – 132.98 მლნ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც 298,77%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ყველაზე მაღალი ზრდა კი ყაზახეთიდან დაფიქსირდა – თითქმის 705%, აპრილში ყაზახეთიდან 20.04 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 8-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ მაჩვენებლით ყაზახეთმა მე-4 ადგილი დაიკავა.
მცირედით – 5,77%-ით გაიზარდა იტალიიდან გადმორიცხული თანხა და 33.40 მლნ შეადგინა – ამ მაჩვენებლით იტალია მეორე ადგილზეა, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც საქართველოში აპრილში 25.02 ათასი დოლარი გადმოირიცხა.
მე-5 ადგილზე გადავიდა საბერძნეთი, რომელიც ბოლო თვეებში, ტრადიციულად, მე-4 ადგილს იკავებდა – საბერძნეთიდან გადმორიცხული თანხა ისევ შემცირდა, ამჯერად 14,26%-ით გასული წლის აპრილთან შედარებით.
2022 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.4 მლნ აშშ დოლარი (77.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აპრილის (25.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.
კომენტარები