მოგზაურობაიტალია

იტალიამ ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა ქვეყანაში შემსვლელი ტურისტებისთვის

იტალიამ დღეიდან, პირველი ივნისიდან გააუქმა ყველა კოვიდშეზღუდვა ქვეყანაში შემსვლელი ტურისტებისთვის. ამის შესახებ მედია იუწყება.

კერძოდ, ტურისტებს, რომლებიც იტალიაში ჩადიან, დღეიდან, პირველი ივნისიდან აღარ მოეთხოვებათ არც ვაქცინაციის სერტიფიკატი, არც კოვიდისგან გამოჯანმრთელების ცნობა და არც PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.

ჯანდაცვის უწყების ცნობით, მინისტრი რობერტო სპერანცა აღარ გააგრძელებს დადგენილებას, რომელიც იტალიაში შემსვლელებს საბაზო GreenPass-ის ფლობას ავალდებულებდა (ე. წ. საბაზო GreenPass-ი, იგივე „მწვანე სერტიფიკატი“ გაიცემა აცრის ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის  საფუძველზე). დადგენილების მოქმედების ვადა გუშინ, 31 მაისს ამოიწურა.

იტალიაში შემსვლელ ტურისტებს კოვიდშეზღუდვების პირველი შემსუბუქება აპრილის ბოლოდან შეეხოთ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა გააუქმა სპეციალური ელექტრონული კითხვარის –  Plf-ს («Passenger Locator Form») შევსების ვალდებულება, რომელშიც მოცემული უნდა ყოფილიყო ყველა საჭირო ინფორმაცია ტურისტის ადგილმდებარეობის დასადგენად, თუ იგი მოგზაურობისას კორონავირუსით დაინფიცირდებოდა. Plf-ს  შევსების ვალდებულება იტალიამ 2021 წლის ზაფხულში შემოიღო.

2 კვირაში – 15 ივნისიდან ქვეყანაში, აგრეთვე, გაუქმდება პირბადის ტარების ვალდებულება თეატრებში, კინოთეატრებსა და სხვა დახურულ სივრცეებში, თუმცა, სავარაუდოდ, პირბადე ისევ სავალდებულო დარჩება  საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ყოველ შემთხვევაში, გრძელ მარშრუტზე მოძრავ ჩქაროსნულ მატარებლებსა და თვითმფრინავებში მაინც, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. აგრეთვე, ისევ სავალდებულო იქნება პირბადე საავადმყოფოებსა და ხანდაზმულთა სახლებში.

პირბადე ჯერჯერობით ისევ აუცილებელია საშუალო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებამდე, სკოლის გამოცდებზეც, თუმცა სამინისტრო იმედოვნებს, რომ მომავალი სასწავლო წელი პირბადის რეჟიმის გარეშე დაიწყება.

რაც შეეხება სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში: კერძო დაწესებულებებში, საერთო სარგებლობის სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროტოკოლი თვის ბოლოს განახლდება და მაშინ გადაწყდება, ისევ გაგრძელდება პირბადის რეჟიმი თუ, სახელმწიფო დაწესებულებების მსგავსად, FFP2 პირბადით სარგებლობას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close