უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერს ევროკავშირის წევრი არცერთი დიდი სახელმწიფო, გარდა იტალიისა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის მეორე დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, სამიტზე რუსეთისთვის სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესებას განიხილავდნენ. ინფორმაციას სააგენტო Ansa ავრცელებს.
დრაგის თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, ევროკავშირის ქვეყნებმა მოახერხეს მეექვსე პაკეტის შეთანხმება, რომელიც რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებასაც მოიცავს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციის გამო, ამჯერად 75%-იან ემბარგოზე შეთანხმდნენ, რომელიც, ევროკომისიის ლიდერის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წლის ბოლომდე 90%-ს მიაღწევს.
„ევროპული საბჭო ცოტა გაიწელა, თუმცა შეგვიძლია შედეგებით კმაყოფილები ვიყოთ. შეთანხმებას წარმატებით მივაღწიეთ, თუმცა. რამდენიმე დღის წინ ეს არარეალური ჩანდა. იტალია არ დაჯარიმებულა შეთანხმებით, ჩვენთვის რუსულ ნავთობის იმპორტზე უარის თქმა წლის ბოლოს დაიწყება …“ – განაცხადა დრაგიმ პრესკონფერენციაზე.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ახლა მოსალოდნელი არ არის, რადგან იტალიის გარდა ამ საკითხს ევროკავშირის არცერთი დიდი სახელმწიფო არ უჭერს მხარს.
„მე მხარს ვუჭერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ უჭერს მხარს ევროკავშირის არცერთი დიდი წევრი სახელმწიფო, გარდა იტალიისა. კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა არაა მოსალოდნელი. თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა, რომ უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას დაჩქარებულად შეძლებს, დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია და ევროკომისია ამის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები