პოლიტიკასაქართველო

თბილისი და ბუქარესტი დაძმობილდნენ

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 30 მაისს ბუქარესტის მერთან – ნიკუშორ დანთან ერთად ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას. ამრიგად, თბილისის დაძმობილებულ ქალაქთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

„დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესტთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს, ასევე, გვექნება შესაძლებლობა შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება როგორც ბუქარესტში, ისე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს აქვს, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, – განაცხადა კახა კალაძემ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა.

კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია.

ფოტოები კახა კალაძის FB გვერდიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close