გერმანიამ გააუქმა ქვეყანაში შესასვლელად COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა
პირველი ივნისიდან გერმანიაში შემსვლელებს აღარ ესაჭიროებათ არც აცრის სერტიფიკატი, არც COVID-19-ის გადატანის ცნობა და არც ტესტის უარყოფითი პასუხი
გერმანიის ხელისუფლება აუქმებს კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს გერმანელებისა და უცხოელებისათვის, რომლებსაც ამ ქვეყანაში შესვლა სურთ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
პირველი ივნისიდან გერმანიაში შემსვლელებს აღარ დასჭირდებათ 3G-ს წესის დაცვა. შესაბამისი დადგენილება ქვეყნის მთავრობამ ოთხშაბათს, 25 მაისს მიიღო. 3G წესის თანახმად, გერმანიაში შემსვლელ 12 წელზე მეტი ასაკის ადამიანს უნდა ჰქონოდა ან აცრის სერტიფიკატი, ან დაავადების გადატანის ცნობა, ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ჰანო კაუცმა (Hanno Kautz) DW-ს დაუდასტურა, რომ ახალი წესი რუსებსა და ბელარუსებზეც ვრცელდება და პირველი ივნისიდან 31 აგვისტომდე იქნება ძალაში. ამასთან, მთავრობა არ გამორიცხავს, რომ შემოდგომით ისევ შემოიღებენ შეზღუდვებს, თუ პანდემიის ახალი ტალღა დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში შესვლის გამარტივებული წესი არ ვრცელდება „კორონავირუსის ვარიანტების გავრცელების რეგიონებიდან“ შემსვლელ ადამიანებზე. მათ, როგორც ადრე, ახლაც გერმანიაში ჩასვლისას 14 დღე უნდა გაატარონ თვითიზოლაციაში იმის მიუხედავად, არიან თუ არა აცრილები, ან გადატანილი აქვთ თუ არა ვირუსი, თუმცა, სააგენტო dpa-ს ცნობით, ამჟამად მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ ითვლება ასეთ რეგიონად.
და კიდევ ერთი სიახლე: ახალი დადგენილების თანახმად, გერმანია ქვეყანაში შემსვლელების შემთხვევაში აღიარებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არა მარტო ევროკავშირში ავტორიზებული პრეპარატებით, არამედ იმ ვაქცინებითაც, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები