მედიცინამსოფლიო

ესპანეთში ქალებს თვეში სამდღიანი „მენსტრუალური შვებულების“ აღება შეეძლებათ

ესპანეთი პირველი ქვეყანა იქნება ევროპაში, სადაც ქალებს, რომელთაც ძლიერი მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ, თვეში სამი დღე შეეძლებათ სამუშაოდან გათავისუფლება. ამ საკითხთან დაკავშირებით ესპანეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მომავალ კვირაში უნდა მიიღოს. ამის შესახებ telegraph-ი წერს.

„ჩვენ ვსაუბრობთ არა მსუბუქ დისკომფორტზე, არამედ სერიოზულ სიმპტომებზე, ისეთებზე, როგორიცაა: დიარეა, ძლიერი თავის ტკივილი, ციებ-ცხელება“, – უთხრა გამოცემა El Periodico-ს ესპანეთის თანასწორობისა და გენდერული ძალადობის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ანხელა როდრიგესმა.

იგი ჰიგიენური საშუალებების ხელმისაწვდომობის პრობლემასაც შეეხო და თქვა, რომ არიან ქალები, რომლებსაც ამ საშუალებებზე ხელი არ მიუწვდებათ.

კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს –  დიდი პროფკავშირული გაერთიანების (UGT) თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინა ანტონანესი ფიქრობს, რომ ამან შესაძლოა „ქალების სტიგმატიზება“ გამოიწვიოს და მათ „დათვური სამსახური გაუწიოს“. ესპანეთის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი ნადია კარვინო კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დამსაქმებლებს ქალების სამსახურში აყვანის სურვილი დაუკარგოს.

ამჟამად ე. წ. მენსტრუალური შვებულება მხოლოდ რამდენიმე აზიურ ქვეყანაშია, მათ შორის, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში და ინდონეზიაში, აგრეთვე, ზამბიაში.

ესპანეთის გინეკოლოგთა და მეანთა საზოგადოების მონაცემებით, ქალების დაახლოებით ერთი მესამედი მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილისგან იტანჯება, რაც ცნობილია, როგორც დისმენორეა, ამასთან, ეს წილი გაიზრდება, თუ სათვალავში მივიღებთ წინამენსტრუალურ ტკივილებსაც. დისმენორეის სიმპტომებია: მწვავე ტკივილი მუცლის ქვედა არეში (მენჯში), თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და შარდვის გახშირება. ზოგჯერ ღებინებაც ვლინდება. ამგვარი მდგომარეობის გამო ქალებს სამსახურში წასვლა ძალიან უჭირთ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close