fbpx
იტალიასაზოგადოება

იტალიის ყველაზე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა

„იტალიის ბებიას“ აპრილში 112 წელი შეუსრულდა

უხუცესი იტალიელი ანჯელა ტირაბოსკი 112 წლისა გარდაიცვალა ქალაქ ბერგამოში 7-იდან 8 მაისს ღამით. „იტალიის ბებიას“ ძილში გული გაუჩერდა.

„მშვიდად განისვენე ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლის შემდეგ, რომლის დროსაც მთელ საზოგადოებას უყვარდი“, – დაწერა ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ ტვიტერში და ანჯელა ტირაბოსკის შვილებს მიუსამძიმრა.

ანჯელა ტირაბოსკი 1910 წლის 19 აპრილს იყო დაბადებული. იგი ორ მსოფლიო ომს და ორ პანდემიას – „ისპანკას“ და COVID-19-ს მოესწრო. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე წლის წინ ცუდად დაეცა და ბოლო წლებში სავარძელს იყო მიჯაჭვული, მას სიცოცხლის ხალისი არ დაუკარგავს.

ერთი თვის წინათ, 19 აპრილს, როდესაც საკუთარი 112-ე დაბადების დღე აღნიშნა 4 შვილის კომპანიაში, ანჯელამ თავისი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა: „მსუბუქი კერძები და ჭიქა ღვინო. არანაირი მოწევა და სტრესი. და, რა თქმა უნდა, სიცოცხლის ყოველი დღე უნდა მიიღო, როგორც საჩუქარი“.

განსაკუთრებული დაბადების დღის პატივსაცემად ანჯელა ტირაბოსკიმ 19 აპრილს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტისგან, ატილიო ფონტანასგან გულთბილი მილოცვა მიიღო.

„ვამაყობთ, რომ დედაჩვენი იტალიის ბებიაა („Nonna d’Italia“), – თქვა მაშინ მისმა ქალიშვილმა მარიამ. – ვფიქრობ, დედაჩემის დღეგრძელობის საიდუმლო მის გენებსა და ხასიათში იმალება. მას არასდროს არავის მიმართ ბრაზი არ უდევს გულში“.

ანჯელა დიასახლისი იყო, იგი ბერგამოს საფეხბურთო კლუბ „ატალანტას“ (Atalanta B.C.) გულმხურვალედ გულშემატკივრობდა მთელი სიცოცხლე. მას ოთხი შვილი დარჩა: რობერტო, მარია, ლუჩანა და პიერო, რომელთა ასაკი 70-იდან 85 წლამდეა.

იტალიის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანთა  რეიტინგში საპატიო პირველ ადგილს ემა მორანო იკავებს, რომელიც 117 წლისა და 137 დღისა გარდაიცვალა. ემა მორანომ სამ საუკუნეში იცხოვრა: დაიბადა მე-19 საუკუნეში, 1899 წლის 27 ნოემბერს და 21-ე საუკუნეში გარდაიცვალა 2017 წლის 15 აპრილს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close