სმენის აღდგენა მალე შესაძლებელი გახდება
„სმენის აღდგენისთვის საჭირო მთავარი დაბრკოლება გადავლახეთ“, — აცხადებენ მეცნიერები.
როგორც უკვე იცით, სმენის დაქვეითებას სიბერე, ხმაური, სხვადასხვა მედიკამენტი თუ ანტიბიოტიკი იწვევს, თუმცა ამ პროცესთან გამკლავება ნაკლებად შესაძლებელი იყო, რადგან მეცნიერები სმენისთვის საჭირო უჯრედების აღდგენასა თუ გარდაქმნას ვერ ახერხებდნე. ახლა კი აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს გენი TBX2, რომელსაც როგორც გარე, ისე შიდა ყურის თმის უჯრედების დაპროგრამება შეუძლია. შედეგად, ის მთავარი დაბრკოლებაც გადაილახება, რომელიც აქამდე სმენის აღდგენაში უშლიდათ ხელს…
„ჩვენი აღმოჩენა გვაძლევს პირველ მკაფიო უჯრედის გადამრთველს, ანუ ხელსაწყოს, რითაც შიდა და გარე თმის უჯრედების შექმნას შევძლებთ და მთავარ დაბრკოლებასაც გადავლახავთ“, – განმარტავს ჯეიმი გარსია-ანოვეროსი, კვლევის წამყვანი ავტორი.
აქამდე კი მეცნიერებს ისეთი ხელოვნური თმის უჯრედის შექმნა შეეძლოთ, რომელიც შიდა და გარე უჯრედებად არ იყოფოდა. ეს კი სმენის სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელია… სწორედ ამიტომ, მეცნიერთა აღმოჩენა სპეციფიკური უჯრედების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება.
ჩვეულებრივი უჯრედისგან კოხლეარული თმის უჯრედის შესაქმნელად კი ATOH1 და GF1 გენები არის საჭირო, რასაც შემდგომში TBX2 შიდა და გარე უჯრედად გადააქცევს — როცა გენი გამოხატულია, უჯრედს შიდა თმის უჯრედად აქცევს, ხოლო როცა იბლოკება, მას გარე თმის უჯრედად გარდაქმნის.
„ახლა შეგვიძლია გავიგოთ, როგორ შევქმნათ სპეციფიკური შიდა თუ გარე თმის უჯრედები და დავადგინოთ, რატომ არიან ისინი სიკვდილისკენ მიდრეკილნი“, — ამბობს გარსია-ანოვეროსი.
marketer.ge
კომენტარები