მსოფლიოტექნოლოგიები

თურქეთში, ბათუმიდან 94 კმ-ში, ზღვაში აშენებული ახალი აეროპორტი იხსნება

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ახალი აეროპორტი იხსნება, რომელსაც „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. ფრენები 14 მაისიდან დაიწყება, ბილეთები უკვე იყიდება. Turkish Airlines-ი რეისებს Airbus A330-300-ით შეასრულებს.

ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის ზღვის 280 ჰექტარი ფართობი 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად 100 მლნ ტონა ქვა დაიხარჯა.

„აეროპორტი მთლიანად ზღვაზეა აშენებული. შესაძლოა ეს ამ ტიპის პირველი აეროპორტია გარკვეული მახასიათებლების გამო. განსაკუთრებული საინჟინრო ტექნიკა გამოვიყენეთ. არ გეგონოთ, ქვები უბრალოდ ჩავყარეთ. ჩვენი აეროპორტის ფსკერი მაქმანივით არის ამოქარგული“, – განაცხადა რიზეს გუბერნატორმა ქემალ ჩებერმა მიმდინარე წლის თებერვალში „ჰაბერ თურქისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რიზე-ართვინის აეროპორტს 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ზოლი აქვს. აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება. მის შესასვლელს ჩაის ფოთლის ფორმა აქვს, ხოლო სანავიგაციო კოშკი ჩაის ჭიქას მოგაგონებთ. თურქეთის მეგაპროექტის მშენებლობა 750 მილიონი თურქული ლირა დაჯდა.

რიზე-ართვინის აეროპორტი თურქეთში მეორე, მსოფლიოში კი მეხუთე აეროპორტია, რომლის ასაშენებლადაც ზღვა ამოავსეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close