საფოსტო გზავნილებზე განბაჟების გარდა დამატებითი გადასახადი დაწესდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში („შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“) ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც, საფოსტო გზავნილით საქართველოში შემოსული საქონლის გაფორმებისთვის იმპორტის გადასახადის გარდა საჭირო იქნება კიდევ დამატებითი თანხის – მომსახურების საფასურის გადახდა იმის მიხედვით, რა არის საქონლის ღირებულება:
- 300 ლარზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 3000 ლარის ღირებულების საქონელზე გადასახადი იქნება 20 ლარი;
- 3000 ლარზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე – 100 ლარი;
- 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი.
ახალი რეგულაციები 14 მაისიდან შედის ძალაში.
ცვლილებების ამოქმედებამდე კი მომსახურების საფასურის გადახდა საჭირო არ არის, თუ საფოსტო გზავნილის ღირებულება 10 000 ლარს არ აღემატება.
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 300 ლარამდე ღირებულების (30 კგ-მდე საერთო წონის) საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
კომენტარები