მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აპირებს – ლავროვის სიტყვებმა ისრაელის ნეიტრალური პოზიცია შეარყია?

ისრაელში პოლიტიკური და სამხედრო მაღალჩინოსნები აპირებენ, უკრაინას თავდაცვითი სამხედრო დახმარება მიაწოდონ. ამის შესახებ Haaretz-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩადენილი მხეცობების მტკიცებულებათა მზარდი რაოდენობა ისრაელის „მყიფე ნეიტრალიტეტს ამ ომში ნაკლებად სარწმუნოს ხდის“.

საკითხის განხილვისას ოფიციალური პირების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ისრაელის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების მიწოდების გაზრდას.

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დამატებითი მსჯელობები, როდესაც განიხილავენ იმ საგანთა სიას, რომელთა უკრაინაში გაგზავნაც შესაძლებელია.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჯარისკაცების ჩაფხუტებსა და ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათს“ შორის ბევრი საგანია, რომელთა უკრაინაში გაგზავნაც შეიძლება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ისრაელი უკრაინას არ მიაწვდის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს და შეტევითი ოპერაციებისთვის საჭირო შეიარაღებას. ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ჩინოსნები უფრო თავდაცვითი სამხედრო დახმარების მომხრენი არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტიკური სკანდალი მოხდა იტალიურ ტელეარხზე რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო, რომ „ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა“ და რომ, „როგორც წესი, ყველაზე თავგადაკლული ანტისემიტები ებრაელებს შორის არიან“.

ამ ინტერვიუს შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა განმარტებისთვის, ხოლო რუსულ მხარეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

კრემლს და რუსეთის მთავარ დიპლომატს დღეს ბოდიშის მსგავსი არაფერი უთქვამთ, პირიქით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტელეგრამის საკუთარ არხზე დღეს (3 მაისი) დილით გამოქვეყნებულ მიმართვაში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის სიტყვები იმის აშკარა დადასტურებად მიიჩნია, რომ „ისრაელი უკრაინის ნეონაცისტურ რეჟიმს უჭერს მხარს“. რუსეთის საგარეო უწყებამ იმ არგუმენტის საპირისპიროდ, რომ უკრაინის მთავრობა ნაცისტური ვერ იქნება, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი ებრაელია, განაცხადა: „ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ დაუსაბუთებელია, მზაკვრულიცაა. ისტორიამ, სამწუხაროდ, იცის ებრაელების ნაცისტებთან თანამშრომლობის ტრაგიკული მაგალითები“.

ისრაელის წამყვანი გამოცემები კი წერენ, რომ ამ „უპატიებელი“ განცხადების გამო (სწორედ „უპატიებელი“ უწოდა ლავროვის სიტყვებს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა კი ლავროვის შეაფასა, როგორც „არა მარტო აღმაშფოთებელი, არამედ ისტორიული შეცდომა“) ისრაელის პოზიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით შეიცვლება. Jerusalem Post-ი წერს, რომ ისრაელი, რომელიც ცდილობდა, ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა რუსეთ-უკრაინის ომში, ამას უკვე ვეღარ გააკეთებს.

ისრაელი მართალია დაინტერესებულია, რომ ღიად არ გამოვიდეს ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, მაგრამ აგრეთვე, თანაბარი ხარისხით დაინტერესებულია, რომ მტკიცედ იდგეს დემოკრატიული დასავლეთის  და თავისუფალი მსოფლიოს მხარეს უკრაინაში პუტინის ომის წინააღმდეგ“, – წერია გაზეთში გამოქვეყნებულ ანალიზში.

Haaretz-ი კი წერს, რომ ლავროვის „გროტესკული განცხადებები“ ჰიტლერზე, თავგამოდებული მცდელობით, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია როგორმე გაამართლოს, ანტისემიტურ ცეცხლს აღვივებს მსოფლიოში. გაზეთი ციტირებს ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის კომენტარს: „ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დენაციფიკაცია აუცილებელია მოსკოვში და არა კიევში“.

გამოცემას, აგრეთვე, მოჰყავს ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის და პარტია „მერეცის“ ლიდერის, ნიცან ჰოროვიცის განცხადებაც: „უკრაინაში არ არის ნეონაცისტური რეჟიმი. ზელენსკი არ არის ნაცისტი. და დიახ, ისრაელი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სასტიკი შეჭრის პირისპირ“.

ინფორმაციისთვის: პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ იტალიური ტელე-რადიო კომპანია Mediaset-ი (სხვათა შორის, დაარსებულია სილვიო ბერლუსკონის მიერ) გააკრიტიკა მისი ერთ-ერთი არხის გადაცემაში სერგეი ლავროვის 40-წუთიანი ინტერვიუს გამო, რომელიც გუშინ, 2 მაისს გავიდა. დრაგის თქმით, მედიაკომპანიამ მინისტრ ლავროვს რუსული პროპაგანდის საშუალება მისცა, რადგან იგი ლაპარაკობდა რუსულ ნარატივს და არავინ ეპასუხებოდა. „ფაქტობრივად, ეს იყო მიტინგი“, – განაცხადა დრაგიმ და ლავროვის სიტყვებს „ტყუილი და საზიზღარი“ უწოდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ იტალიაში, რუსეთისგან განსხვავებით, მედიის და სიტყვის თავისუფლებაა.

მიუხედავად დრაგის კრიტიკისა, „მედიასეტის“ ტელეარხ Rete 4-ის გადაცემა Zona Bianca-ში გასულმა სერგეი ლავროვის ინტერვიუმ შესაძლოა ძალზე მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანოს – გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობების შემდგომ ბედზე და უკრაინის მიმართ ისრაელის ღია მხარდაჭერა გაზარდოს, რის ნიშნები უკვე გამოჩნდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close