fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

ილონ მასკმა ტვიტერი იყიდა 44 მილიარდად – რას შეცვლის ეს სოციალურ ქსელში?

ილონ მასკმა მიკრობლოგის პლატფორმა ტვიტერი 44 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. დირექტორთა საბჭომ მისი წინადადება მიიღო.

ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა, გამომგონებელმა და ინვესტორმა დაახლოებით 2 კვირის წინათ Twitter-ის მფლობელებს შესთავაზა, მიეყიდათ მისთვის კომპანია და განაცხადა, რომ ამ სოციალურ ქსელს აქვს უზარმაზარი არარეალიზებული პოტენციალი, რომლის რეალიზებასაც თავად შეძლებს.

აპრილში მასკმა კომპანიის 9,2% პროცენტი იყიდა და ტვიტერის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდა.

თავიდან სოციალური ქსელის გაყიდვის პერსპექტივა გაურკვეველი ჩანდა, თუმცა გასული კვირის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მასკმა კომპანიის აქციონერებს გარიგების ფინანსური დეტალები გაუზიარა, მსჯელობა დაჩქარდა და პროცესი სწრაფად წარიმართა.

აქციონერების ზეწოლით Twitter-მა მოლაპარაკებები დაიწყო მასკთან, რომელიც კომპანიას ერთ აქციაში 54,2 დოლარს სთავაზობდა. როდესაც ეს ამბავი გახმაურდა, ტვიტერის აქციების ფასი ბირჟაზე 6%-ით გაიზარდა.

ამჟამინდელი გარიგება 40%-ით მეტია, ვიდრე მისი ფასი იყო მასკის მიერ ქსელის აქციების 9,2%-ის ყიდვის წინა დღეს.

ამის მიუხედავად ის გაცილებით დაბალია $70-ზე, რომლის ფარგლებშიც Twitter-ის აქციების ღირდა გასულ წელს.

ახლა კომპანიის ხელმძღვანელობა აპირებს აქციონერებს სთხოვოს, ხმა მისცენ გარიგების დამტკიცებას.

როგორ შეიცვლება ტვიტერი?

ილონ მასკმა უკვე წამოაყენა რამდენიმე წინადადება ცვლილებებთან დაკავშირებით – გამოქვეყნებული შინაარსის შეზღუდვების შემსუბუქებიდან დაწყებული, ყალბი ანგარიშების გაუქმებით დამთავრებული.

ილონ მასკი დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანია. ჟურნალი Forbes-ი მის ქონებას 273,6 მლრდ დოლარად აფასებს, ძირითადად, კომპანია Tesla-ს აქციების საფუძველზე, რომელსაც იგი უდგას სათავეში. კიდევ ერთი ცნობილი ფირმა, რომელიც მასკის სახელს უკავშირდება, არის აეროკოსმოსური კომპანია  SpaceX-ი.

„სიტყვის თავისუფლება – ეს დემოკრატიის ფუნქციონირების საფუძველია, ხოლო ტვიტერი – ეს არის ქალაქის ციფრული მოედანი, რომელზეც განიხილება კაცობრიობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები“, – განაცხადა მასკმა გარიგების შესახებ ცნობის გასაჯაროებისას.

თეთრმა სახლმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარებისგან თავი შეიკავა.

„იმისგან დამოუკიდებლად, ვინ იქნება Twitter-ის მფლობელი, აშშ-ის პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია შეშფოთებულია მსხვილი სოციალური ქსელების უზარმაზარი გავლენის, იმ ძალაუფლების გამო, რომელიც მათ აქვთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამ პლატფორმებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რომელიც მოაქვთ. პრეზიდენტი მტკიცე მომხრეა ფუნდამენტური რეფორმისა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამ მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ.

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ანგარიშიც ტვიტერზე დაბლოკილია, თქვა, რომ განბლოკვის შემთხვევაშიც არ დაბრუნდება ამ სოციალურ ქსელში.

„ვიმედოვნებ, რომ ილონი იყიდის ტვიტერს, იმიტომ რომ იგი მას გააუმჯობესებს, ის კარგი ადამიანია, მაგრამ მე Truth-ში დავრჩები“, – განაცხადა ტრამპმა. მას მხედველობაში ჰქონდა საკუთარი სოციალური ქსელი, რომელიც თებერვალში ამოქმედდა..

ილონ მასკი უკვე დიდი ხანია ტვიტერის მუდმივი მომხმარებელია. მას 80 მილიონი გამომწერი ჰყავს და რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს სოციალურ ქსელში, მომენტალურად ვრცელდება.

იგი რეგულარულად იყენებს Twitter-ს იმისათვის, რომ გამოაქვეყნოს ინფორმაცია თავისი კუთვნილი კომპანიების სიახლეების შესახებ, SpaceX-ისა და Neuralink-ის ჩათვლით. ამას გარდა, იგი ხშირად აქვეყნებს მემებს, რასაც მისთვის პოპულარობა მოაქვს იმ ადამიანებს შორისაც კი, რომლებსაც ბიზნესი, კოსმოსი ან ავტომობილები დიდად არ აინტერესებთ.

წყარო: BBC news

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close