პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კოვიდპასპორტი პირველი მაისიდან საჭირო აღარ იქნება

ტანოს პლევრისის თქმით, სერტიფიკატი კი არ „გაუქმდება“, არამედ „შეჩერდება“

სამშაბათს, 12 აპრილს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტანოს პლევრისმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდმიოლოგიური სიტუაცია საშუალებას იძლევა, პირველი მაისიდან შეჩერდეს შემზღუდავი ზომები.

საუბარია, რომ შეჩერდეს Covid-Pass-ის ანუ Covid-19-ზე აცრის ან დაავადებისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი სერტიფიკატის, მოქმედება, აგრეთვე, გაუქმდეს დახურულ სივრცეში – შენობაში პირბადის აუცილებელი გამოყენების ვალდებულება.

Skai TV-სთან ინტერვიუში ტანოს პლევრისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერტიფიკატი კი არ „გაუქმდება“, არამედ „შეჩერდება“:

„ყურადღება! აცრისა და დაავადების გადატანის დამადასტურებელი ცნობების მოქმედება შეჩერდება, თუმცა არ გაუქმდება, – სანიტარიული პროტოკოლები მარტივდება ტურისტული საქმიანობისთვის, აგრეთვე, მოქალაქეების შემოწმება (ტესტირება) სხვადასხვა ადგილას შესვლის დროს“

ჯანდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემზღუდავი „ზომები სექტემბერში გადაიხედება“.

მისივე განცხადებით, საბერძნეთში მართლმადიდებლური აღდგომის (24 აპრილი) პერიოდში მიმდინარე წელს  „შეზღუდვები უფრო მსუბუქია, ვიდრე გასულ წელს“.

ამასთან, გაზეთ „პროტოთემას“ ცნობით, ხუთშაბათს, 14 აპრილს ქვეყნის ეპიდემიოლოგთა კომიტეტი შეიკრიბება, რათა მიიღოს გადაწყვეტილება შემზღუდავ ზომებთან, მათ შორის, Covid-Pass-თან და პირბადის სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით ეკლესიებში ვნების კვირის პერიოდში, აღდგომის ღამეს და სააღდგომო მსახურების დროს, აგრეთვე, სკოლის მოსწავლეებისთვის თვითტესტირების გაუქმების თაობაზე.

საბერძნეთის ჯანდაცვის ექსპერტები დიდად არ უჭერენ მხარს პირბადის სავალდებულო გამოყენების გაუქმებას დახურულ სივრცეებსა და ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს და აცხადებენ, რომ პირბადის გამოყენება უფრო პირადი დაცვის ზომაა, ვიდრე შეზღუდვა. „პირბადის საშუალებით შეგვიძლია უფრო ფრთხილად ვიყოთ, არ არის აუცილებელი სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა პლევრისმა ინტერვიუში.

რაც შეეხება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომებს: 

  • პირველი მაისიდან 31 ოქტომბრამდე უქმდება კოვიდსერტიფიკატები (ჩატარებული ვაქცინაციისა და დაავადებისგან გამოჯანმრთელების შესახებ ცნობა);
  • პირველი მაისიდან აუცრელ დასაქმებულ პირებს კვირაში მხოლოდ ერთი ექსპრესტესტის გაკეთება მოეთხოვებათ;
  • პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი დახურულ სივრცეებში 31 მაისამდე შენარჩუნდება;
  • სკოლებში 3 მაისიდან უქმდება თვითტესტირების ვალდებულება.

პირბადის გამოყენება ყველა დახურულ სივრცეში, აგრეთვე, ღია ცის ქვეშ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბევრი ადამიანი იყრის თავს(მაგალითად, საეკლესიო მსვლელობების დროს) და ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოწყვლად ან ხანდაზმულ ადამიანებთან კონტაქტის წინ – ორი წინასწარი პირობაა, რომლებიც, ექსპერტთა აზრით, გარანტიას იძლევა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეები საბერძნეთში კორონავირუსის პანდემიის ახალ აფეთქებას არ გამოიწვევს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close