პოლიტიკასაქართველო

საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს, შეიცვალა საქართველოს ელჩიც აშშ-ში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილმა შეცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი. მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში. აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი.

წლების წინ იგი მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მანამდე იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანდელი, მუშაობდა პოლონეთის საელჩოში, ბოლო წლებში იყო პოლონეთში საქართველოს ელჩი. მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი და ვუსურვებ მას წარმატებას. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა, ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც  შეეხება დავით ზალკალიანს, იგი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ პოზიციაზე დავით ბაქრაძეს შეცვლის.

დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის 21 ივნისიდან იკავებდა, ხოლო 2021 წლის 21 იანვრიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close