მედიცინასაბერძნეთი

საბერძნეთში კოვიდ სერტიფიკატების მოქმედების ვადა იზრდება

ჯანდაცვის მინისტრმა ტანოს პლევრისმა პარასკევს, პირველ აპრილს დილით ტელეკომპანია Skai-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საბერძნეთში ვაქცინაციის სერტიფიკატისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების ცნობის, ე. წ. Covid-Pass-ის მოქმედების ვადა გაიზრდება, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად.

პლევრისის განმარტებით, ახალი რეგულაციით, „ვაქცინაციის ცნობის მოქმედების ვადა მეორე აცრიდან 9 თვეში იწურება და არა 7 თვის შემდეგ, როგორც ამჟამადაა“. მან აღნიშნა, რომ რევაქცინაციის ანუ მესამე, ბუსტერული დოზის მიღების შემდეგ სერტიფიკატის მოქმედების ვადა განუსაზღვრელი იქნება.

მინისტრის თქმით, კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების შესახებ სამედიცინო ცნობას ვადა 6 თვის შემდეგ გაუვა და არა 3 თვის შემდეგ, როგორც დღეს.

„მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედების ვადები უნიფიცირებული იყოს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა ტანოს პლევრისმა.

ჯანდაცვის მინისტრს არ უთქვამს, როდიდან შედის ძალაში ახალი ვადები, თუმცა თქვა, რომ მომავალ კვირაში მოსალოდნელია ვაქცინაციის ნაციონალური კომიტეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

პლევრისის ცნობით, შესაძლოა მომავალ კვირაში მთავრობამ წარმოადგინოს ე. წ. საგზაო რუკა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უნდა მიუახლოვდეს “.

ამავე დროს, მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება ვაქცინის მე-4 დოზის მოსახლეობისთვის მიწოდების საკითხზე.

ამასთან, ტანოს პლევრისი ამბობს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენების მოხსნასთან დაკავშირებით ქვეყანამ არ უნდა იჩქაროს.

არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში Covid-Pass-ები არ გაუქმდება, თუმცა განიხილება საკითხი, რომ ზაფხულის თვეებში მათი წარდგენა არ იქნება სავალდებულო შენობებში შესასვლელად. პლევრისის თქმით, ეს ცვლილება მაისში განხორციელდება, თუმცა მას უფრო კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

მთავრობის თავდაპირველი გეგმის თანახმად, Covid-Pass-ის წარდგენის ვალდებულების გაუქმება 18 აპრილიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ყოველკვირეულ თათბირზე გასულ ოთხშაბათს ბერძენმა ეპიდემიოლოგებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს, რადგან საბერძნეთში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 20 000-ს აჭარბებს.

სამშაბათს, 29 მარტს საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ პანდემიის ახალი აფეთქებისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close