პოლიტიკაჰოროსკოპი

ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი: „როგორც კი ზელენსკის რთული პერიოდი მთავრდება, იწყება რთული პერიოდი პუტინისთვის… 15 აპრილის შემდეგ ყველას გვეცოდინება, როგორ მთავრდება ომი…“

ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი ყოველთვის საინტერესო პოლიტიკურ პროგნოზებს გვიზიარებს, რასაკვირველია, თავისი პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისად.

ახლაც, fortuna.ge-სთან ისაუბრა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების, ომის შედეგების და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ბედზე, ასევე, საქართველოს პოზიციაზე, რომელსაც ის მსოფლიო წესრიგის გადალაგების შემდეგ დაიკავებს.

დავით ბუტიკაშვილი: 

დავიწყოთ პუტინის ბედით – ის ზოდიაქოთი სასწორია, წარმატების მომტანი პლანეტა ჰყავს კუროში. ეს არის ადამიანი, რომელიც ბეჯითად, ჯიუტად ახორციელებს თავის მიზნებს. ეს სიჯიუტე მას აქვს მაქსიმალურად. შავი მთვარე აქვს ლომის ზოდიაქოში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რაც უფრო მაღალია ძალაუფლება, მით უფრო მძიმე იქნება ამ ძალაუფლების დასასრული, მაგრამ მას პრობლემები ამ მხრივ შეიძლება შეექმნას დეკემბრის შემდეგ, მანამდე ასტროლოგიურად რაიმე სერიოზული პრობლემა ძალაუფლების მთლიან დაკარგვასთან დაკავშირებით არ ემუქრება.

ვფიქრობდი, კორონავირუსი გამოიწვევდა ისეთ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც არსებულ წონასწორობას დაარღვევდა, მაგრამ კორონავირუსის შემდეგ უფრო უარესი რამ დაიწყო, სისხლისმღვრელი ომი. შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი ალბათობით არის კაცობრიობის ისტორიაში ბოლო ომი. დამყარდება საკმაოდ ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ გადიოდა მძიმე პლანეტა სატურნი მერწყულის ზოდიაქოს, თუმცა მაშინ გარკვეული ენერგია დარჩა, როგორც ვხედავთ. ახლა მიდის ბრძოლა სისტემებს შორის. პუტინი არის ადამიანი, რომელიც ატარებს ყოფილი საბჭოთა კავშირის იდეალებს და ამისთვის იბრძვის. ფაქტია, რომ ახლა არის ამ კავშირის რეანიმირების მცდელობა მისგან. პუტინმა, ფაქტობრივად, ამ ომით სისტემის ნგრევა დააჩქარა.

ეს ომი გამოიწვევს პრობლემებს ევროკავშირშიც. არ გამოვრიცხავ ეგზისტენციალურ პრობლემებს, რაც მის არსებობას, როგორი სახითაც ახლაა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. 1993 წლის 1-ელ ნოემბერს დაფუძნდა ევროკავშირი. ამ დროს პლანეტა სატურნი ასევე იმყოფებოდა მერწყულის ზოდიაქოში. მერწყულის ზოდიაქო მართავს რუსეთს. ის გადის კარმულ გამოცდას, რომელიც დამთავრდება 2023 წლის 7 მარტს. ანალოგიურ კარმულ გამოცდას გადის ევროკავშირიც. დარწმუნებული ვარ და შეგვიძლია წლის ბოლოსაც ვისაუბროთ ამაზე, რომ ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, სანქციებს ვერ გაუძლებს. აქამდე არსებული საერთო სისტემის ნგრევა ევროკავშირსაც დაანგრევს, რუსეთთან ერთად, რომლის ეკონომიკაც ირღვევა.

კარმული გამოცდის პერიოდი რუსეთში შეიძლება გამოიხატოს სამოქალაქო დაპირისპირებით გაჭირვებულ ადამიანებსა და საშუალო ფენასა და მდიდარ, „ახალ“ რუსებს შორის.  ეს დაპირისპირება ამ წლის დეკემბრამდე უკვე დაიწყება.

შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი გადაწყდება 15 აპრილის შემდეგ. ამ ომს მეორენაირად ტყუილების ომს დავარქმევდი. ყველა ტყუის. შეიძლება, ამას ინტერნეტიც უწყობს ხელს. ფაქტია, ახლა სწორი ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია. ტყუილების ეს კორიანტელი დამთავრდება 14 აპრილს, რადგან შავი მთვარე გადის ტყუპების ზოდიაქოს, რაც დედამიწაზე სიცრუის პერიოდს ნიშნავს. პუტინიც მოატყუეს თავისმა გენერლებმა, რომ რუსეთის არმია უძლეველი იყო და ორ დღეში დაამთავრებდნენ ომს. მოატყუეს ზელენსკიც, მას დასავლეთისგან უფრო მეტის იმედი ჰქონდა, ვიდრე მიიღო. ამის შემდეგ დავინახავთ ყველა, ვინ უფრო მეტს ცრუობს…

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული გაურკვეველია ასტროლოგიურად?

ვფიქრობ, ეს ომი დასრულდება იმით, რომ რუსეთი იქნება წარმოდგენილი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში, ყირიმზე ლაპარაკიც აღარ იქნება, მოგლეჯს უკრაინას რაღაც რაიონებს, როგორც ეს საქართველოში გააკეთა და შეეცდება ამ რაიონების შენარჩუნებას. მთელი უკრაინა რომ დაიპყროს, ეს არ არის მოსალოდნელი. 15 აპრილის შემდეგ კითხვები აღარ გექნებათ ამ ომის შესახებ. ყველას გვეცოდინება, როგორ მთავრდება ომი.

საქართველოს ბედი გარკვეულია?

შეიძლება, ფანტასტიკურად მოგეჩვენოთ ჩემი სიტყვები, მაგრამ 12 მაისამდე რაც საქართველოში მოხდება, ეს ჩვენს საბანკო მხარეს პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს. 12 მაისის შემდგომ იუპიტერი გადავა ვერძში და იქნება გარღვევა საგარეო ურთიერთობებში, აქ მოხდება ცვლილებები. ახალი პოლუსი დაიწყებს ჩამოყალიბებას, რომელიც სამომავლოდ სამყაროს კარგი გაგებით გლობალიზაციამდე მიიყვანს და ის კაცობრიობას გადაარჩენს, აღარ იქნება ომები და ა.შ. როგორც ვთქვით, ნატო და ევროკავშირი აღარ იარსებებს და გაჩნდება ახალი გაერთიანებები, სადაც საქართველოს ადგილიც იქნება. იქ ყველას ადგილი იქნება. კარგი იქნებოდა, დასავლეთს გადაედგა ნაბიჯები გაცილებით ადრე და მიეღო საქართველო და უკრაინა ნატოში, უფრო ადრე დაეკისრებინა ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის, სანამ ამდენი ხალხი დაიხოცებოდა. ასე რომ, ამ სისტემამ ზოგადად მოჭამა საკუთარი დრო. ამას გავიძახი სულ, თუმცა ჯობდა, სხვანაირად დანგრეულიყო და სისხლისმღვრელი ომი ეკონომიკურ ომში გადაეტანათ…

თუმცა ჩვენ რუსეთის ნაბიჯებს ეკონომიკური ომისასაც ვერ გავთვლით… ზელენსკი გმირად დარჩება?

ზელენსკის ჰოროსკოპში შავი მთვარე აქვს კირჩხიბში. 15 აპრილიდან შავი მთვარე გადადის კირჩხიბში. მას ექნება ცხრათვიანი მძიმე პერიოდი, თუმცა ასტროლოგია მკითხაობა არ არის და ის გვთავაზობს გამოსავალს – ზელენსკისაგან ეს პერიოდი მოითხოვს მაქსიმალურ გულწრფელობას და რეალობის ადეკვატურ შეფასებებს, როგორც ვატყობ, ის ილუზიებიდან გამოსულია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაღაც პერიოდი საცხოვრებელი ადგილის შეცვლამაც მოუწიოს, ან სერიოზული საფრთხე შეექმნას. როგორც კი ზელენსკის რთული პერიოდი მთავრდება, იწყება რთული პერიოდი პუტინისთვის…

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close