პოლიტიკასაბერძნეთი

ომი უკრაინაში და საბერძნეთი: მიიღებს თუ არა უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დასავლეთს ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვა მოსთხოვა. ეს მოთხოვნა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი უპირატესობას ფლობს ავიაციასა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მხრივ. შედეგად უმოწყალოდ იბომბება უკრაინული სამხედრო ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტებიც, უკრაინის ჯარი ვერ ახერხებს მასშტაბური კონტრშეტევის განხორციელებას.

რამდენადაც NATO ამ კუთხით უკრაინას არ დაეხმარა (უკრაინის ცის დახურვა ნატოს თვითმფრინავების მიერ მის კონტროლს და, შესაბამისად, ბლოკის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას ნიშნავს), ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება უკრაინისათვის ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხი. უკრაინელმა სამხედროებმა თანამედროვე, ამერიკული წარმოების სისტემების გამოყენება არ იციან, ხოლო მათ გადამზადებას დრო ჭირდება, ამიტომ გადაწყდა უკრაინისთვის საბჭოური სისტემების გადაცემა. საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემაზე S-300.

საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300

NATO-ს წევრი ქვეყნებიდან საბჭოური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემები მხოლოდ საბერძნეთს, სლოვაკეთს და ბულგარეთს აქვთ.

ბულგარეთს აქვს  2 ბატარეა ჯამში 10 გამშვები მანქანით. აღნიშნული მოდიფიკაცია გამოდგება საბრძოლო თვითმფრინავებისა და ფრთოსანი რაკეტების გასანადგურებლად, თუმცა უძლურია ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ბულგარეთი უარზეა, გადასცეს უკრაინას საკუთარი სისტემები. ეს დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

სლოვაკეთს აქვს ჩეხოსლოვაკიისგან 1992-1993 წლებში მემკვიდრეობით დარჩენილი ერთი ბატარეა 4 გამშვები მანქანით და დაახლოებით 40 რაკეტით. ეს რაოდენობა უკრაინის ცის დასაცავად ძალიან ცოტაა. ამავე დროს, სლოვაკეთის შეიარაღებაში არსებულ მოდიფიკაციას, ბულგარულისგან განსხვავებით, აქვს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობა და მცირე რაოდენობის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას შეძლებს.

სლოვაკეთმა თანხმობა გამოთქვა უკრაინას მიაწოდოს საკუთარი სისტემები იმ შემთხვევაში, თუ NATO მას შესაბამის დასავლურ შეიარაღებას მიაწვდის. ამავე დროს, გუშინ, 20 მარტს, გავრცელდა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, იაროსლავ ნადის განცხადება, რომლის თანახმადაც სლოვაკეთში უკვე ჩავიდა გერმანიისა და ნიდერლანდების Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, თუმცა, ნადის განცხადებით, აღნიშნული სისტემები იქნება შემავსებელი მათ ხელთ არსებული საბჭოთა სისტემებთან ერთად და არა მათი ჩამნაცვლებელი. ეს განცხადება დაბნეულობას იწვევს და გაურკვეველი რჩება უკრაინის დახმარების საკითხი.

შედარებით დიდი რაოდენობის და თანამედროვე მოდიფიკაციის S-300-ს ფლობს საბერძნეთი, რომელსაც აქვს 32 გამშვები სისტემა და დაახლოებით 170 რაკეტა. სამწუხაროდ, საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საბერძნეთში აღნიშნული საკითხის განხილვა არ მომხდარა.

20 მარტს ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიმართა თურქეთს, გადასცეს უკრაინას რუსეთისგან მიღებული უფრო თანამედროვე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400, ხოლო სანაცვლოდ კი ამერიკა თურქებს მიჰყიდის თანამედროვე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს F-35, რომელთა გადაცემაც სწორედ S-400-ის შეძენის გამო შეჩერდა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გზით აშშ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საბერძნეთის ხელისუფლებაზე, რადგან S-400-ის უკრაინისათვის გადაცემის შემთხვევაში თურქეთი მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრეფერენციებს მოითხოვს და ეს, უპირველესად, საბერძნეთის ინტერესების ხარჯზე შეიძლება მოხდეს. ამავე დროს, ძნელად სავარაუდოა, რომ ერდოღანი ამერიკელების წინადადებას დათანხმდება, რადგან ასეთ შემთხვევაში მას მოუწევს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საკუთარ სტრატეგიას სრულად გადახედოს. თურქეთის პრეზიდენტი დღემდე ახერხებდა უკრაინასა და რუსეთს შორის ბალანსის დაცვას: ერთი მხრივ, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსულ აგრესიას, ამარაგებს უკრაინის არმიას უპილოტო საფრენი აპარატებით, მეორე მხრივ კი, არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას პუტინთან.

საგულისხმოა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი არ დაუშვებს უკრაინისთვის სხვა ქვეყნებიდან S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას. შესაბამისად, უფრო თანამედროვე სისტემების თურქეთიდან უკრაინაში გაგზავნა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას საბოლოოდ გააფუჭებს და საფრთხეს შეუქმნის თურქეთის უსაფრთხოებას.

ამასობაში კი უკრაინის ჯარი ვერ ახერხებს ალყაში მოქცეული მარიუპოლის დახმარებას, მძიმე, უთანასწორო ბრძოლებს აწარმოებს კრივოი როგისა და ზაპოროჟიეს დასაცავად, ხოლო დონბასში განლაგებული ყველაზე ბრძოლისუნარიანი უკრაინული შენაერთები ალყის საფრთხის წინაშე დგანან. აღნიშნული შენაერთების განადგურება და მარიუპოლის დაცემა ომის მიმდინარეობას რუსეთის სასარგებლოდ შემოატრიალებს და მას მნიშვნელოვან სტრატეგიულ უპირატესობს მიანიჭებს. იმედია საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის საკითხი გადაწყდება მანამ, სანამ გვიანი იქნება.

გიორგი ჯანელიძე

ისტორიკოსი

მსგავს თემაზე: ერდოღანი აპირებს რუსეთისგან  S-400-ის მეორე პარტია შეისყიდოს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close