პოლიტიკასაქართველო

საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს (2022 წლის 12 მარტი) ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ე. წ. არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებად შეაფასა. საგარეო უწყებამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ. 

„იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება.

ზემოხსენებულ ფაქტს ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში.

შემაშფოთებელია, რომ მაშინ, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით, რასაც ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ ფონზე, კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებს, ისევე, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება. არსებული ინფორმაციით, დილის 08:00 საათიდან გახსნილია 152 საარჩევნო უბანი.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილია, რომლის დასაკავებლადაც 123 ადამიანი იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა 26 თებერვალს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close