მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-მა რუსული ნავთობის და სხვა ენერგომატარებლების იმპორტი აკრძალა (ვიდეო)

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 მარტს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ რუსეთისგან ნედლ ნავთობს აღარ შეისყიდის. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტის თქმით, იცის, რომ ეს ნაბიჯი საწვავზე ფასის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს, რათა ბიზნესის და ოჯახების ზარალი ამის შედეგად მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. 

აშშ რუსეთისგან აღარ შეისყიდის  სხვა ენერგომატარებლებსაც, კერძოდ, გაზსა და ქვანახშირს.

ბაიდენმა მოუწოდა კერძო სექტორს, არ ააგდონ ფასები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება იბრძოლებს სპეკულაციების წინააღმდეგ.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის მხარეს ესმის, რომ ევროპელი მოკავშირეები ვერ შეძლებენ, იმპორტის აკრძალვას შეუერთდნენ.

ბაიდენის თქმით, აშშ თავის ევროპელ პარტნიორებს მხარში დაუდგება და უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას გაინაწილებს, კონგრესში განიხილავენ უკრაინისთვის 12 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარების საკითხს. აშშ მოკავშირეებთან ერთად აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დემოკრატიის და თავისუფლების დაცვა ძვირი ჯდება: „მოდით დავიცვათ დემოკრატია, თავისუფლება და სიცოცხლე“, – მოუწოდა საზოგადოებას ბაიდენმა.

მანამდე, რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, 8 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასი ავარდა და ერთი გალონის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4,17 დოლარს მიაღწია. ამას წინ უძღოდა კონცერნ Shell-ის განცხადება, რომ რუსეთში ნავთობსა და გაზთან დაკავშირებულ ყველა პროექტთან თანამშრომლობას წყვეტს.

ნიკო აბაშიშვილი 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close