პოლიტიკა

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ბრიუსელში ოფიციალური განაცხადი გაგზავნა – რა პასუხს აძლევს ევროკავშირი კიევს?

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებულად, სპეციალური პროცედურით ითხოვს. მისი ხელმოწერით ოფიციალური განაცხადი უკვე გაიგზავნა ბრიუსელში დღეს, დღის მეორე ნახევარში.

„ამ წერილით უკრაინას, როგორც ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ევროპის კავშირის შეთანხმების მეორე მუხლში მოცემულ ღირებულებებს პატივს სცემს, აქვს პატივი, გააკეთოს განაცხადი ევროპის კავშირის წევრობაზე, ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 49-ე მუხლის შესაბამისად, – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დაფუძნებულია „ადამიანური ღირებულებების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების, იმ პირების ჩათვლით, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს ეკუთვნიან, დაცვის ღირებულებებზე“. 49-ე მუხლი კი ევროკავშირში შესვლის რეგლამენტს განსაზღვრავს.

რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს:

„მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნლებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით. ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორებისა, რომ ისინი ჩვენ გვერდით დგანან, თუმცა ჩვენი მიზანია ყოფნა ყველა ევროპელთან ერთად და მოწოდების დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ ეს დავიმსახურეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„ეს ქვეყანა [უკრაინა] – ერთ-ერთი ჩვენგანია და გვსურს, რომ იგი ევროპულ ოჯახში ვიხილოთ“, – ასეთი განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისთვის 27 თებერვალს იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. ლეტალური იარაღის სხვა ქვეყნისთვის მიწოდების გადაწყვეტილება ევროკავშირმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მიიღო.

ევროკავშირში შესვლის განაცხადი გაეგზავნა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომლის ქვეყანაც ამ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარეა, აგრეთვე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.

ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა  დღესვე განიხილონ უკრაინის მიღების შესაძლებლობა, რათა მისი წევრობა გამოიყენონ, როგორც კოზირი, რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ Reuters-ი წერს ანონიმურ მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით.

„რაც შეეხება განაცხადს, მნიშვნელოვანია, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. აშკარაა, რომ შეთანხმება ჯერ არ არსებობს, თუმცა უკრაინის საკითხი – ეს არის ის, რაც ახლა ლიდერებს აწუხებთ“, – მოჰყავს სააგენტოს ანონიმი ჩინოვნიკის სიტყვები.

დღეს საღამოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდებიან პარიზში.

მართალია, ევროპელი ლიდერები ორიოდე დღის წინ აცხადებდნენ, რომ ევროკავშირის წევრი ვერ გახდება ქვეყანა რამდენიმე დღეში და ვერც რამდენიმე თვეში, რადგან საჭიროა პროცესების რეგულირება, მაგრამ ევროკავშირი იარაღის მიწოდებაზეც ყოველთვის უარს ამბობდა, გუშინ კი ეს ტაბუ დაირღვა, ამიტომ არავინ იცის, რა მოხდება ამჯერად.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გასულ კვირაში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წამოაყენა წინადადება, უკრაინას დაუყოვნებლივ მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

მისი თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების „ექსპრეს-გზას“. დუდა ტვიტერში წერს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს და ამის შემდეგ მაშინვე დაიწყოს მოლაპარაკებები წევრობაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close