ტვინის და სისხლძარღვების დაბერების შენელება მარტივი საშუალებით
მეცნიერები გამუდმებით ეძებენ ორგანიზმის დაბერების პროცესების შენელების საშუალებებს. როგორც გაირკვა, ამას ხელს უწყობს ბაქტერიები, რომლებიც ადამიანის პირის ღრუში ბინადრობენ. მათ კი ამისთვის ბოსტნეულში არსებული ნიტრატები სჭირდებათ.
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბევრი მცენარე შეიცავს არაორგანულ ნაერთებს – ნიტრატებს (აზოტმჟავას მარილები). საქმე ისაა, რომ ნიტრატები ფართოდ გამოიყენება სასუქად. დიდი რაოდენობითაა ნიტრატები ჭარხალში, ფოთლოვან სალათაში, ისპანახში, ნიახურსა და სტაფილოში.
ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ნიტრატები მავნეა და ეს აზრი ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ბოლო წლების გამოკვლევები სულ უფრო ხშირად უჩვენებს ამ შეხედულების საწინააღმდეგო სურათს, რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ამ ნივთიერებების ისეთ რაოდენობაზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენს პირის ღრუში მცხოვრები ბაქტერიების წყალობით საკვებში არსებული ნიტრატები აზოტის ოქსიდად (NO) გარდაიქმნება, აზოტის ოქსიდი კი სისხლძარღვების მუშაობის რეგულაციასა და ნეიროტრანსმისიაში (ქიმიური სიგნალების გადაცემა ტვინისთვის) მონაწილეობს – ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის სწორ მუშაობაში.
აზოტის ოქსიდის შინაგანად გამოყოფა ასაკოვან ადამიანებში ხშირად ნელდება და ამ პროცესს უკავშირებენ მეცნიერები ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუარესებას.
ექსეტერის უნივერსიტეტის (the University of Exeter, დიდი ბრიტანეთი) მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ჭარხლის წვენის მიღება ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას 70-80 წლის ადამიანების პირის ღრუში, ამავე დროს, „მავნე“ ბაქტერიების რაოდენობა ექსპერიმენტის დროს შესამჩნევად შემცირდა.
„ეს დასკვნები ბევრს ნიშნავს ჯანმრთელი დაბერების შესახებ კვლევებისთვის. დიეტაში ნიტრატებით მდიდარი პროდუქტების დამატება სულ რაღაც 10 დღეში აუმჯობესებს პირის ღრუს მიკრობიომს (ბაქტერიების მიქსი). ასეთი ჯანმრთელი მიკრობიომის ხელშეწყობას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ასაკის მატებასთან ერთად ტვინის დაბერებისა და სისხლძარღვების ცვეთის შენელება შეუძლია“, – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ანი ვანჰატალო (Anni Vanhatalo) ექსეტერის უნივერსიტეტიდან.
კვლევა გამოცემა Redox Biology-ში გამოქვეყნდა.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები