მედიცინარას არ გაიგებ/ფაქტები

ალერგია შვილზე: ორსულ ქალს უჩვეულო დაავადება აღმოაჩნდა

32 წლის ორსულმა ქალმა ექიმებს მუცელზე გაჩენილი მტკივნეული წყლულების გამო მიმართა, რაც საბოლოოდ იშვიათი დაავადება – ბავშვის მიმართ დედის ერთგვარი ალერგია გამოდგა, იუწყება New York Post-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ჰემფშირში მცხოვრებ 32 წლის ფიონა ჰუკერზე, რომელსაც დაავადება ორსულობის გვიან ეტაპზე გამოუვლინდა.

ირკვევა, რომ ქალმა ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში შენიშნა წითელი ლაქები მუცელზე, რომლებიც ჭინჭრით დასუსხულს ჰგავდა. რამდენიმე დღის შემდეგ წყლულები საშინლად მტკივნეული გახდა და ამიტომ ქალმა ექიმს მიაკითხა.

კლინიკაში მას ჯერ სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო კრემები გამოუწერეს, მაგრამ მალამოებმა ვერაფერი უშველა. როცა ფიონა უკვე რვა თვის ორსული იყო, წყლულები უბრალოდ უზარმაზარი გახდა. ამჯერად ექიმებმა მას კრემების ნაცვლად სტეროიდული პრეპარატები დაუნიშნეს, რამაც ვითარება ცოტა გააუმჯობესა.

სამწუხაროდ, პრობლემები ამით არ ამოწურულა. მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა დედის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა: წყლულები ჩნდებოდა ყველგან, სადაც კი ბავშვი ქალს ეხებოდა: მკერდზე, მუცელზე, ხელებსა თუ ფეხებზე.

საბოლოოდ, უკვე ბავშვის დაბადების შემდეგ, მედიკოსებმა ჰუკერს დაუსვეს გესტაციური პემფიგოიდის დიაგნოზი. ეს აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ქალის იმუნური სისტემა აუტოანტისხეულების გამომუშავებას იწყებს და შეცდომით ესხმის თავს საკუთარ კანს. დაავადება ყოველი 50 000 ორსული ქალიდან დაახლოებით ერთს უვითარდება.

მექანიზმი, რომელიც აუტოანტისხეულების გამომუშავებას იწყებს, ჯერ კიდევ ცუდად არის შესწავლილი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მამის დნმ-ში შემავალი რაღაც აიძულებს პლაცენტას, შეუტიოს დედის კანში შემავალ გარკვეულ ცილას. ამგვარად დაავადება ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფის მიმართ ალერგიად.

საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში ახალგაზრდა ბრიტანელი დედის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა მას წამლების მიღება ყოველდღე აღარ სჭირდება. ჰუკერს ძალიან უხარია, რომ ბოლოს და ბოლოს შვილის თამამად ჩახუტება შეუძლია – ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close