კრიმინალისაბერძნეთი

7 წლის ბიჭუნას მკვლელობის შოკისმომგვრელმა დეტალებმა მთელი საბერძნეთი შეძრა

ათენში, კიფსელის რაიონში მოკლული 7 წლის ანდრიასის საქმემ მთელი საბერძნეთი შეძრა. 2017 წელს მოკლული ბიჭუნას ძვლები 5 წლის განმავლობაში ინსტრუმენტების ყუთში ინახებოდა, რომელიც პოლიციამ დედამისის საცხოვრებელი ბინის აივანზე აღმოაჩინა. 29 წლის ქალი, რომელსაც ძნელია დედა დაარქვა, პოლონელი იმიგრანტია. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

პატარა ბიჭუნა მუდმივად განიცდიდა დედამისის 33 წლის ალკოჰოლიკი და ნარკომანი პარტნიორისგან დამცირებას და  ცუდ მოპყრობას, ერთხელაც ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა. მოგვიანებით პოლონელმა მამაკაცმა დაკითხვაზე აღიარა, რომ იმ საბედისწერო დღეს თავისი პარტნიორის შვილი – 7 წლის  ბიჭი მორიგ ჯერზე დასაჯა, არ მისცა ჭამის უფლება და აიძულა, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთ ადგილას მდგარიყო, ბიჭუნას პროტესტის საპასუხოდ კი მას საიზოლაციო ლენტით გადაუხვია ცხვირი და პირი, რის შედეგადაც ბავშვი ტანჯვით გაიგუდა.

წყვილმა სწრაფად მოიფიქრა მომავალი მოქმედების გეგმა: ნაცნობებს ეუბნებოდნენ, რომ ანდრეასი პოლონეთში წაიყვანა მისმა ბიოლოგიურმა მამამ. ამაში რამდენიმე წლის განმავლობაში ეჭვი არავის შეუტანია, სანამ საბერძნეთის პოლიციამ შემთხვევით არ შეიტყო შოკისმომგვრელი ამბავი…

Star-ის ინფორმაციით, გასული წლის 20 ოქტომბერს სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკის უსაფრთხოების სამსახურის პოლიციელებმა ნეა სმირნიში 34 წლის უცხოელი (პოლონელი) მამაკაცი და 38 წლის ბერძენი ქალი დააკავეს – დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, რომლებიც მაღაზიებში ნივთებს იპარავდნენ.

პოლიციის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით დაკავებულმა პოლონელმა მათ უამბო, რომ ერთხელ ნასვამმა თანამემამულემ მას ინსტრუმენტების ყუთი აჩვენა საშინელი შიგთავსით და უთხრა, რომ იქ მის მიერ მოკლული გერის ძვლები ინახებოდა.

ეს მონაყოლი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ თავდაპირველად პოლიციელებმა გამოძიება ჩაატარეს იმის დასადგენად, მართლა ხომ არ იმყოფებოდა ბავშვი თავის ბიოლოგიურ მამასთან, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელი 2018 წლიდან მუდმივად ფსიქიატრიულ კლინიკაში იწვა და მკურნალობდა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ანდრეასის 29 წლის დედის სახლი გაჩხრიკეს.

ინსტრუმენტების ყუთი შოკისმომგვრელი შიგთავსით ძველ ხის დივანში აღმოჩნდა, რომელიც აივანზე იდგა. დაღუპული ბავშვის დედა დააპატიმრეს. მისი საქციელი დაუჯერებელია – იგი ყველა ბრალდებას უარყოფს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან  და გარეგნულად აბსოლუტურად გულგრილი რჩება.

„იმ ღამით არაფერი დამინახავს. ვერ გავიგე, რა მოხდა, იმიტომ რომ მაგ დროს კომპიუტერზე ვთამაშობდი. არანაირი საიზოლაციო ლენტი არ მინახავს, არ ვიცი, რა მოხდა“, – ეს იყო მისი პირველი ჩვენება დაკავების შემდეგ. თუმცა მისი პარტნიორმა აღიარა დანაშაული და სინანულიც გამოხატა მომხდარის გამო.

ეს ყველაფერი არ არის – როგორც აღმოჩნდა, ქალს კიდევ ერთი შვილი ჰყავდა – გოგონა, რომელიც ამჟამად სხვა ოჯახში ცხოვრობს. როგორც მისი დაღუპული ძმა, ისიც ხშირად განიცდიდა თავდასხმას და შეურაცხმყოფელ მოქმედებას ნარკომანი მამინაცვლისგან.

2018 წელს, ძმის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ,10 წლის გოგონა დაწყებით სკოლაში მოხვდა. იგი გამოფიტული და ჭუჭყიანი იყო, ხშირად ჰქონდა ჩალურჯებები და დაჟეჟილობები და სასწავლო დაწესებულებამ ამის შესახებ პროკურატურას აცნობა. საბოლოო ჯამში გოგონა წამოიყვანეს ბიოლოგიური დედისგან და აღსაზრდელად გადასცეს მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახს, სადაც მას სიყვარულით ეპყრობიან.

ქალმა კი კითხვაზე, სად არის მისი ქალიშვილი, ურცხვად უპასუხა: „პოლონეთში, დედაჩემთან“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close