fbpx
რჩევებისაქართველო

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი საქართველოში დღეს, 13 თებერვალს, 22:25 საათზე მომხდარი მიწისძვრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრა 6.2 მაგნიტუდის სიდიდის იყო.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კმ-ის დაშორებით.

ქვემო ქართლის რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა,  რამდენიმე სოფელს კი დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება, თუმცა მალევე აღუდგა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბიძგები იგრძნობოდა თბილისსა და საქართელოს სხვა ქალაქებშიც.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა  5.8 მაგნიტუდის იყო, თუმცა მოგვიანებით მონაცემი დაზუსტდა.

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

მიწისძვრის დროს საფრთხის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია რამდენიმე ქმედება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის რჩევებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს.

თუ შენობაში ხართ:

  • დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
  • თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შესაძლოა ჩამოვარდეს – მაგალითად, ჭაღი, კედლის კარადები და ა. შ.
  • სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს;
  • არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, ვიდრე ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს, ძირითადად, შენობების დატოვების დროს იღებს;
  • არ გამოიყენოთ ლიფტი.

თუ ქუჩაში ხართ:

  • თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს… გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.

თუ საჭესთან ხართ:

  • თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;
  • არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
  • დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;
  • მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.

თუ ნანგრევებში მოყევით:

  • არ აანთოთ ასანთი;
  • არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება;
  • პირზე აიფარეთ ტანსაცმელი;
  • შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს შესაძლოა მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.

მომზადებულია usgs.gov-ის მიხედვით

1 tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close