მედიცინამსოფლიო

რომელი შეზღუდვები იხსნება საფრანგეთში თებერვლის პირველ ნახევარში და ვის მისცემენ აფთიაქებში უფასოდ პირბადეებს

საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის  ფონზე შემოღებული ზოგიერთი შეზღუდვა 2 თებერვლიდან მოიხსნა

პირველ ყოვლისა, გაუქმდა ღია ცის ქვეშ საჯარო სივრცეებში სამედიცინო პირბადის ტარების ვალდებულება, მათ შორის, სასკოლო დაწესებულებებთან ახლოს, ბაზრებსა და რიგებში.

გაუქმდა პირბადის გაკეთების მოთხოვნა, აგრეთვე, სამთო-სათხილამურო კურორტებზე საბაგიროთი სარგებლობისას.

სავალდებულო დისტანციური მუშაობის რეჟიმიც წარსულს ჩაბარდა. დამსაქმებლებს ძველებურად აძლევენ რეკომენდაციას, რომ მომუშავეთა ნაწილს სახლიდან მუშაობის ნება დართონ, თუმცა დარღვევისთვის ჯარიმები აღარ იქნება.

მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვისგან თავისუფლდება კულტურული დაწესებულებები და სპორტული ობიექტები, სადაც დასაჯდომი ადგილებია.

16 თებერვლიდან მუშაობის განახლება ნებადართულია საკონცერტო დარბაზებისა და დისკოთეკების საცეკვაო მოედნებზე. ამავე პერიოდიდან ბარებში კვლავ დაშვებული იქნება ფეხზე დგომით ჭამა და დალევა. გაუქმდება საკვების და სასმლის მიღების აკრძალვა სტადიონებზე.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საფრანგეთში ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 500 ათასზე მეტი შემთხვევა, გასულ 24 საათში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 200 ათასით ნაკლები – 315 363 იყო; გარდაიცვალა 276 კოვიდინფიცირებული პაციენტი (სამშაბათს – 382).

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს, ქვეყანაში მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია, ბუსტერული დოზა კი 50%-ს აქვს გაკეთებული

ღია სივრცეში პირბადის ტარების მოხსნის ვალდებულების პარალელურად მთავრობამ გადაწყვიტა, აფთიაქებში უფასოდ დაურიგონ FFP2 ნიღბები ადამიანებს, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. ეს გადაწყვეტილება მიმართულია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ნაწილში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად.

კერძოდ, ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის მძიმე ფორმის განვითარების რისკის ქვეშ არიან და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე მოქალაქეები შეძლებენ FFP2 ტიპის 20 ნიღაბი მიიღონ უფასოდ ყოველ 2 კვირაში ან 5 კვირაში – 50 ქირურგიული ნიღაბი.

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა კარგი სიახლე გამოაცხადა კლუბების მფლობელებისა და კლუბებში ვიზიტის მოყვარულთათვისაც – როგორც Le Figaro იუწყება, ატალის თქმით, საფრანგეთში კლუბები, ისევე, როგორც დისკოთეკები, 2022 წლის 16 თებერვლიდან გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ დანიამ და ბრიტანეთმა რამდენიმე დღის წინ ყველა შეზღუდვა მოხსნეს დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარების ვალდებულების ჩათვლით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close