ქართველები უცხოეთში

„24 კილომეტრი ჩუსტებით როგორ გაიარა?! თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული“, – რას ჰყვება სალომე ტეტუნაშვილის ადვოკატი

ადვოკატი ინგა სიხარულიძე, რომელიც ნეაპოლის პოლიციის განყოფილებაში სალომე ტეტუნაშვილის გამოკითხვას ესწრებოდა, „TV პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე  იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობს, 24 კილომეტრით დაშორებულ საავადმყოფოში აღმოაჩინეს, თუმცა თავად მას ზუსტად არ ახსოვს, როგორ მოხვდა იქ.

„ის არ ამბობს, რომ [საავადმყოფოში] მანქანით დატოვეს. აცხადებს, რომ ახსოვს ბიჭების დიდი ჯგუფი, უთხრეს, რომ გარკვეული მიმართულებით წასულიყო და საავადმყოფოშიც ასე 2 დღეში აღმოჩნდა. საკმაოდ შორია, 24 კილომეტრი ახალგაზრდა გოგომ ჩუსტებით როგორ გაიარა?! თავი სტკივა და ნიკაპი აქვს დაზიანებული… თქვა, რომ მე მგონი, დავარტყი, არ მახსოვს…“ – განაცხადა ადვოკატმა ინგა სიხარულიძემ.

მისივე თქმით, სალომეს არც ის ახსოვს, რატომ გამოვიდა სახლიდან, ზარი მიიღო, თავისი ნებით გამოვიდა თუ რა მოხდა.

ქართველი ემიგრანტი, 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც იტალიის ქალაქ ნეაპოლში ოჯახში მუშაობდა მოხუცის მომვლელად, 22 იანვარს საღამოს გაუჩინარდა. სალომე გაუჩინარებიდან მე-5 დღეს, 26 იანვარს ნეაპოლის ფსიქიატრიულ კლინიკაში იპოვეს. იგი საქართველოს ელჩმა და კონსულმა მოინახულეს და განაცხადეს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სალომე ტეტუნაშვილს იმავე დღეს ნეაპოლის პოლიციის განყოფილებაში ჩვენება ჩამოართვეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close