ქართველები უცხოეთში

„სად დავაშავე? როდის დავუშვი უდიდესი შეცდომა?“ – ემიგრანტი ქალბატონის წერილი ათენიდან

ახალს არაფერს ვიტყვით – ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ უამრავი ქართველი ქალი, დედა გაუსაძლისმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ აიძულა, გადახვეწილიყო უცხო ქვეყანაში და შვილების, შვილიშვილების, ოჯახის კეთილდღეობისა და მომავლისთვის უმძიმესი ტვირთის ზიდვა აეღო საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ამ ადამიანებს, დამსახურებული მადლობის ნაცვლად, ახლობლები გულისტკივილს აყენებენ. ესეც ჩვენი ადამიანური ყოფის სამწუხარო პარადოქსია. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა გულნატკენმა ქალბატონმა გამოგვიგზავნა წერილი და გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

მის თხოვნას ვასრულებთ და წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„სად დავაშავე? როდის დავუშვი უდიდესი შეცდომა? თუმცა გვიანია თითებზე კბენანი. ვინც დღეს ზრდით შვილებს, მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს პირობებში გიწევთ შვილების აღზრდა, მაინც დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, სწორად აღზარდოთ შვილი! ეცადეთ, ზუსტად იქ არ დავუშვათ შეცდომა და იმ დროს, როცა ყველაზე მეტად არ უნდა შემცდარიყავით! როცა ყველაზე მეტად გესაჭიროებოდათ გონიერება მისი სწორი გზის გაკვლევაში.

ბავშვი იმ გზით უნდა წარმართო და უჩვენო გზა, რის საშუალებასაც უნარი და შესაძლებლობები გაძლევთ. ზუსტად აქ არ უნდა შეცდეს მშობელი და სანანებელი არ უნდა გახდეს მისთვის შვილის მომავალი, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა და ზუსტად იქ დავყარე ფარ-ხმალი, როცა არ უნდა დამეყარა.

დღეს მდგომარეობა ურთულესია: არა სკოლა, არა ინსტიტუტი, არა თავისუფლება მომავალი თაობისთვის, თუმცა მაშინ, ზუსტად 30 წლის წინ, 90-იან წლებში კიდევ უფრო რთული და გაუსაძლისი პირობები ჰქონდათ მოზარდებს!!!! იმ დროს ომის პირობებში და ტყვიების პირისპირ იზრდებოდა ახალგაზრდობა… რა მაგალითი უნდა მისცე ამ დროს შვილს, როცა საჭმლის ფულს კარდაკარ დაეძებ და მხოლოდ იმაზე ფიქრობ მშობელი, რომ შვილს სადილი მაინც არ მოაკლო. თვალცრემლიანი კაპიკებს დაეძებ, რომ პური მაინც გქონდეს სახლში… და ამ დროს თოვა, სიცივე, არა სინათლე, არა გათბობა, ღუმელისგან გაჭვარტლული შენი სუფთა, ლამაზი სახლი – ქარი რომ დაუბერავდა, ჭვარტლი უკან გვიბრუნდებოდა და კვამლში ვიხრჩობოდით. სველ შეშას ტომრით გაჩერებასთან მოათრევდი, რომ შვილიშვილი თბილად მაინც გყოლოდა ამ გაკვამლულ სახლში და არ შესცივნოდა. ჩუმად ტუალეტში რომ შეიკეტებოდი, შენი სიმწრის ცრემლი რომ არავის დაენახა…

იქიდან გამოყოლილი ტკივილი დღემდე ცრემლს მგვრის. ვერ ვივიწყებ იმ საშინელ წლებს და ჩემი შვილების სიტყვებს: „დე, საჭმელი გვაქვს?“

მოკლედ, აღარ გავაგრძელებ – ყველასთვის ნაცნობი წლებია, არაერთი ოჯახი ყოფილა ჩემზე უარეს დღეში…

და მაინც, სიცოცხლე გრძელდება და ზუსტად იმ შვილმა ყველაზე მეტად უნდა გაგიგოს დღეს, თუ რატომ გადმოიხვეწე ასე შორს და კვლავ რატომ არ სრულდება დედის ცრემლი! თავისი საქციელით არ უნდა გაგანადგუროს მაინც და უნდა ეცადოს, ასეთ ცხოვრებაგამოვლილ დედას ასაკში მაინც არ ატკინოს გული და თუ ოქრო-ვერცხლით არ აავსებს, სიცოცხლის დარჩენილ წლებს მაინც ნუ გაუმწარებს. სულ ცოტას ითხოვს დედა თქვენგან, შვილებო! – იყავით თბილები, გამგებნი, ცოლ-შვილისთვის მაინც კარგები, თუ დედისთვის არა! ნუთუ ასე რთულია ეს, რომ მკვდარმა მაინც არ წავიღო მიწაში თქვენი დარდი?

და მაინც, უდიდესი დამნაშავე მე ვარ თქვენ წინაშე, რაკი დღემდე ვზიდავ მხრებით უდიდეს ტვირთს ისევ და ისევ თქვენთვის. ისიც არ ვიცი, როდის მოეღება ბოლო ამ ტანჯვას. პატიოსანი თავჩაღუნული შრომით ვერ შევძელი წუმპიდან ამოსვლა, უკან დაბრუნება და მომკალით, თუ გინდათ!!!!! მეუღლეზე აღარ ვსაუბრობ, რადგან მისმა ძალისხმევამ – ავადმყოფიც კი როგორ შრომობდა – ნაყოფი ვერ გამოიღო და ადრიანად დაგვტოვა, რაც დღემდე ყველაზე დიდი, მოუშუშებელი ტკივილია ჩემთვის, მაგრამ… განა შემიძლია რამის შეცვლა? ან დროის უკან დაბრუნება? არაააააა!!!!!

ვიცი, არ გაუჭირდებათ ადრესატის ამოცნობა უახლოეს ნათესავებსა და მეგობრებს, მაგრამ გთხოვთ, აქ არ შემეხმიანოთ!

პატივისცემით,

ემიგრანტი ათენიდან

p. s. ჩვენზე ამ წერილმა ძალიან იმოქმედა, მით უმეტეს, რომ ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი გამონაკლისი არ არის. ჩვენი მხრივ, გვინდა ვუთხრათ ემიგრანტი ქალების შვილებს, შვილიშვილებს, ოჯახებს – დაუფასეთ ამ ადამიანებს თქვენთვის თავგანწირვა, თქვენთვის მსხვერპლად შეწირული საკუთარი პირადი ცხოვრება, კომფორტი და სიმშვიდე, თქვენ გამო ნაკისრი უზარმაზარი ტვირთი, რომლის აუტანელ სიმძიმესაც ვერავინ გაიგებს, სანამ მსგავს სიტუაციაში თავადაც არ აღმოჩნდება. გაუფრთხილდით და თქვენი საქციელით ნუ ატკენთ გულს, ისინი ხომ თქვენგან არაფერს ითხოვენ სითბოს, ტკბილი სიტყვის და ადამიანურად მოქცევის გარდა.

მსგავს თემაზე: ნანა ჩაჩუა: „ემიგრაციაში წასულ დედებს გაუცნობიერებლად აქვთ თვითდანაშაულის განცდა, თუმცა დანაშაული არ არსებობს…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close