ქართველები უცხოეთში

ნეაპოლში დაკარგული 27 წლის ქართველი ემიგრანტი საავადმყოფოში იპოვეს

ქართველი ემიგრანტი სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო, ნეაპოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს. ახალგაზრდა ქალი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

„ქალაქ რომში საქართველოს საკონსულო არის ხაზზე ნეაპოლის საგამოძიებო უწყებებთან და ისინი უდასტურებენ, რომ დაკარგული გოგო ნაპოვნია“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

სალომე ტეტუნაშვილი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

სალომე ტეტუნაშვილის და, სოფი ტეტუნაშვილი საზოგადოებას მიმართავს და მადლობას უხდის თანადგომისთვის. რატომ გაუჩინარდა ახალგაზრდა ემიგრანტი გოგონა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„მეგობრებო, ვიპოვეთ სალომე, ცოცხალია! ყველას უდიდესი მადლობა, არასდროს დავივწყებთ თქვენს გვერდში დგომას! დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. მთავარია, ცოცხალი დაგვიბრუნდა ჩემი სულის ნაწილი“, – წერს სოფი ტეტუნაშვილი.

სალომე ტეტუნაშვილი ნეაპოლში ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა. ის 22 იანვარს, დაახლოებით  საღამოს 10 საათისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დედამ რამდენიმე საათში შეიტყო ოჯახისგან, სადაც სალომე მუშაობდა.

26 იანვარს საქართველოს საელჩომ იტალიაში სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საკონსულოს მოთხოვნით საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულები იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

„საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს“, – აცხადებენ იტალიაში საქართველოს საელჩოში

საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე  სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სალომე ტეტუნაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადან არის. მეზობლების ინფორმაციით, მამამისი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დედა-შვილი იტალიაში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა. ისინი ნეაპოლში სხვადასხვა ოჯახში მუშაობდნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close