მსოფლიოქართველები უცხოეთში

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა სისხლიანი საპროტესტო გამოსვლების გამო 1.7 მლრდ დოლარი დაკარგა

Forbes-ის თანახმად, ქართველმა მილიარდერმა ბიზნსემენმა მიხეილ ლომთაძემ, რომელიც ყაზახეთში საქმიანობს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო 1.7 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა და მისი ქონება დაახლოებით 32%-ით შემცირდა.

ახლანდელი მონაცემებით, ლომთაძის ქონება 3.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და Forbes-ის რეიტინგში იგი 956-ე ადგილს იკავებს.

2021 წლის აგვისტოში Forbes-ის მილიარდერების სიაში 46 წლის ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო და ყველაზე მდიდარი ქართველის პოზიცია დაიკავა.

ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანიის, Kaspi-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.

ის ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში [ESM] მიიღო, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში განაგრძო და 2002 წელს სწავლა MBA აკადემიური ხარისხით დაასრულა.

Kaspi ყაზახეთის უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

პანდემიის პირობებში ონლაინ გადახდებზე და ციფრული ანგარიშსწორების სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ პოზიტიური გავლენა იქონია კომპანიის შემოსავლებსა და აქციების ფასზე.

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან „ხალხის მადლიერების“ საპატიო მედალიც მიიღო.

გარდა ამისა, CEO Survey-ს გამოკითხვის თანახმად, მიხეილ ლომთაძე ყაზახეთის საუკეთესო აღმასრულებელ ხელმძღვანელად ზედიზედ მესამედ დაასახელეს.

რა ხდება ყაზახეთში 

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად, ძირითადად, თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა მერიის შენობა დაიკავეს.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ ზოგიერთ რეგიონში ყაზახეთის ეროვნული გვარდიის წევრები დემონსტრანტებს ბარდებიან, ზოგიც კი მათ მხარეს გადადის.

ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეტაკებები ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე 50-მდე სამხედრო ტექნიკაა. მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით.

ამ მონაცემებით, ქალაქში შეტაკებების შედეგად ყაზახეთის სამხედრო ძალების 13 წევრია დაღუპული, მათგან ორს კი თავი მოკვეთეს. ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლის მოპოვებისას სამართალდამცველებმა ათეულობით მომიტინგე მოკლეს. ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

როგორც ცნობილია, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ.

ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო რუსეთმა. რია ნოვოსტი წერს, რომ ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს.

tabula.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close