იტალიის მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილებას, რომელსაც, სხვა საკითხებთან ერთად, შემოაქვს სავალდებულო ვაქცინაცია 50 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ Corriere della Sera წერს.
დადგენილება „ომიკრონის“ ფართო გავრცელების და ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის გამო მიიღეს (გუშინ, 6 იანვარს 24 საათის განმავლობაში იტალიაში 219 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და მთელი პანდემიის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 200 ათასს; დღეს დღიური მაჩვენებელი შემცირდა – ბოლო 24 საათის განმავლობაში 108 304 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 6 იანვარი დღესასწაულის დღე იყო და თითქმის 2,5-ჯერ ნაკლები ტესტი ჩატარდა – 492 172, ვიდრე გუშინ – 1 138 310; შესაბამისად, 7 იანვარს დადებითობის მაჩვენებელი 22% იყო, 6 იანვარს – 19,3%).
პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის განცხადებით, ეს ზომები აუცილებელია იმისათვის, რომ საავადმყოფოებმა ნორმალურად ფუნქციონირება შეძლონ და თავიდან იქნას აცილებული სკოლების დაკეტვა.
2-საათიანი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდეს 50 წელს გადაცილებული არა მარტო იტალიის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც მუდმივად ცხოვრობს ქვეყანაში (რა თქმა უნდა, მათ გარდა, ვისთვისაც აცრა არ შეიძლება სამედიცინო მოსაზრებით).
ვინც პირველ თებერვლამდე არ აიცრება, 100 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ამრიგად, იტალიამ ნაწილობრივ გაიზიარა ავსტრიის მაგალითი, რომელმაც ევროპაში პირველმა დააანონსა მთელი მოსახლეობისთვის სავალდებულო აცრა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 2022 წლის პირველი თებერვლიდან.
ამასთან, იტალიაში დასაქმებულის სამუშაოზე დასაშვებად ხვალიდან, 8 იანვრიდან სავალდებულო ხდება ე. წ. გაძლიერებული მწვანე სერტიფიკატი – „სუპერ გრინპასი“, რომელიც ადასტურებს, რომ მის მფლობელს გაკეთებული აქვს აცრა, ან ახლო წარსულში გადაიტანა კოვიდინფექცია.
დასაქმებულმა ადამიანებმა, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატება, აცრა უნდა გაიკეთონ 15 თებერვლამდე, ამ თარიღის შემდეგ სამუშაოზე „სუპერ გრინპასის“ გარეშე მისვლის შემთხვევაში მოქალაქეებს 600-იდან 1500 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 10 იანვრიდან იტალიაში ძალაში შედის გამკაცრებული შეზღუდვები აუცრელი მოქალაქეებისთვის. 10 იანვრიდან 31 მარტამდე უმეტეს დაწესებულებაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა ან ცოტა ხნის წინ გადაიტანა კოვიდ-19-ის ინფექცია. ასეთი მოთხოვნა ვრცელდება სასტუმროებში, მატარებლებში, ავიარეისებზე, სამთო-სათხილამურო საბაგიროებზე, ისეთ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, როგორიცაა ქორწილი.
დეკემბერსა და იანვარში მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებებით გათვალისწინებული, კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები სხვადასხვა დღეს შედის ძალაში.
უკვე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
- აუცილებელია პირბადის ტარება ღია სივრცეშიც, ქუჩაშიც იტალიის მთელ ტერიტორიაზე;
- FfP2 ნიღაბ-რესპირატორი სავალდებულოა როგორც შორ მარშრუტებზე მოძრავ, ისე მუნიციპალურ საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
- საბაზო „მწვანე საშვი“ (რომელიც გაიცემა ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე 48 საათის განმავლობაში, ან პისიარ-ტესტის საფუძველზე 72 საათის განმავლობაში) სავალდებულოა სახელმწიფო თუ კერძო სექტორში მომუშავე ყველა დასაქმებულისთვის;
- სავალდებულოა აცრა სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოების და ხანდაზმულთა სახლების (შიდა ტერიტორიაზე მომუშავე) პერსონალისთვის;
- გაძლიერებული „მწვანე საშვი“ (ე. წ. სუპერ გრინპასი) მოქალაქეებისთვის სავალდებულოა შესასვლელად:
– ბარებისა და რესტორნების დახურულ სივრცეში, სადაც ბარის დახლთან შესაძლებელია კვება;
– გასართობ დაწესებულებებში;
– დახურულ სივრცეში სატრენაჟორო დარბაზებსა და აუზებზე;
6. წვეულებები აკრძალულია 2022 წლის 31 იანვრამდე;
7. ღია სტადიონების მაქსიმალური დატვირთვა უნდა იყოს არსებული ადგილების არაუმეტეს 50%-ისა, დახურული სტადიონების კი – მაქსიმუმ 35%;
8. ის ინფიცირებულები, რომლებსაც 3 დღის განმავლობაში არ გამოუვლინდებათ სიმპტომები და ბოლო 120 დღის განმავლობაში არიან აცრილები 3 ან 2 დოზით, 7 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში და შემდეგ გაიკეთონ ტესტი – ანტიგენის ან მოლეკულური.
9. სხვა შემთხვევაში უსიმპტომო ინფიცირებულები თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ 10 დღის განმავლობაში და ამ ვადის შემდეგ გაიკეთონ ანტიგენის ან პისიარ ტესტი.
10. ადამიანები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან, არ გადადიან კარანტინში, თუ ბოლო 120 დღის განმავლობაში აქვთ გაკეთებული ვაქცინის 2 ან 3 დოზა, თუმცა ვალდებულები არიან, ატარონ PfP2 ნიღაბი 10 დღის განმავლობაში. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან, მაგრამ მათი ბოლო აცრიდან 120 დღეზე მეტი გავიდა, 5 დღე მოთავსდებიან კარანტინში უარყოფითი ტესტის შემთხვევაში. არავაქცინირებულები, რომლებიც მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან, 10 დღის განმავლობაში გადადიან კარანტინში და შემდეგ იკეთებენ ანტიგენის ან მოლეკულურ ტესტირებას.
11. თუ რეგიონი, სადაც მოქალაქე ცხოვრობს, ნარინჯისფერ ეპიდემიოლოგიურ ზონაშია, „სუპერ გრინპასის“ უქონლობის შემთხვევაში მასზე ვრცელდება შემდეგი შეზღუდვები:
– ვერ შეძლებს დატოვოს თავისი მუნიციპალიტეტი გარდა გადაუდებელი საჭიროებების არსებობის შემთხვევებისა (სამუშაო, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან მომსახურება, რომელიც მის მუნიციპალიტეტში ხელმიუწვდომელია);
– ვერ ისარგებლებს სამთო კურორტზე საბაგიროთი;
– ვერ შევა სავაჭრო ცენტრებში დასვენების და დასვენების წინა დღეებში;
– ვერ ისწავლის სასწავლო კურსებზე დასწრებით;
– ვერ შეძლებს კონტაქტური სპორტის სახეობებით დაკავებას.
8 იანვრიდან:
- სავალდებულოა აცრა ყველასთვის, ვისაც 50 წელი უკვე შეუსრულდა. ვინც პირველ თებერვლამდე აცრას არ გაიკეთებს, გადაიხდის ჯარიმას 100 ევროს ოდენობით;
- სავალდებულო ვაქცინაცია ვრცელდება უნივერსიტეტების, როგორც სასწავლო დაწესებულებების პერსონალზე.
10 იანვრიდან:
- კოვიდ-19-ის გამო დაწესებული საგანგებო სიტუაციის ვადის ამოწურვამდე – 2022 წლის 31 მარტამდე გაძლიერებული „მწვანე საშვი“ (იგივე „სუპერ გრინპასი“) აუცილებელია:
– სასტუმროებისა და განთავსების სხვა ადგილებისთვის;
– სამოქალაქო ან რელიგიურ სადღესასწაულო ცერემონიებზე;
– ფესტივალებზე და ბაზრობებზე;
– საკონფერენციო ცენტრებში;
– კეიტერინგის მომსახურების მისაღებად ღია ცის ქვეშ;
– ტურისტულ-კომერციული დანიშნულების საბაგიროებით სარგებლობისას, თუნდაც ისინი სამთო-სათხილამურო ზონაში იყოს;
– სატრენაჟორო დარბაზებში, აუზებზე, საცურაო ცენტრებში, სპორტის გუნდური სახეობებით დაკავებისას და გამაჯანსაღებელ ცენტრებში, მათ შორის, ღია ცის ქვეშ;
– კულტურულ ცენტრებში, აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ-გასართობ ცენტრებში:
– თვითმფრინავებში, მატარებლებში და გემებზე;
– ადგილობრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
2. 12-იდან 15 წლამდე მოზარდებისთვის იხსნება დაჯავშნა ვაქცინის მესამე დოზის მისაღებად.
ნინო ხოშტარია
კომენტარები