fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

საფრანგეთში ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებს შეზღუდვები დაუწესეს

საფრანგეთში ექვსი წლიდან 10 წლამდე ბავშვებისთვისაც შეზღუდვები წესდება – დღეიდან, 3 იანვრიდან ისინი ვალდებულნი არიან, ქუჩაში და საზოგადოებრივი თავშეყრის უმეტეს ადგილას პირბადე ატარონ.

მანამდე ეს ვალდებულება 11 წელს მიღწეულ მოსახლეობას ეხებოდა, თუმცა ქვეყანაში „ომიკრონის“ ფართო გავრცელების გამო ხელისუფლებამ ასაკობრივი ზღვარი დასწია.

შესაბამისი ცვლილება შაბათს, პირველ იანვარს გამოქვეყნდა საფრანგეთის ოფიციალურ მაცნეში – Journal Officiel. 2021 წლის პირველ ივნისს მიღებულ დეკრეტში ასაკი „11 წელი“ „6 წლით“ შეიცვალა.

ეს შეზღუდვა ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზკვების ობიექტებში, სპორტულ და რელიგიურ დაწესებულებებში, ასევე, ქუჩაშიც. გამონაკლისია, როდესაც ადამიანი ფიზიკური ვარჯიშის მიზნით არის გამოსული გარეთ.

ამასთან, ცნობილი ხდება ისიც, რომ 2022 წლიდან საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს მხოლოდ აცრების საფუძველზე გაცემული „სანიტარიული პასპორტი“. ტესტებზე დაყრდნობით გაცემული დროებითი ნებართვა აღარ იქნება ძალაში.

აღსანიშნავია, რომ „სანიტარიულ პასპორტს“ მოზარდებსაც აძლევენ 12 წლიდან.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პანდემია 2022 წელს დამთავრდება.

„ოპტიმიზმით ვუყურებ 2022 წელს… შესაძლოა 2022 წელი იყოს პანდემიის დასრულების წელი. მინდა ამის მჯეროდეს თქვენთან ერთად. ჩვენს ქვეყანაში მოვახდენთ რევაქცინაციის კამპანიის ორგანიზებას, როგორც საჭიროა, რათა ვირუსი მოვათვინიეროთ“, – განაცხადა მაკრონმა თავის საახალწლო მიმართვაში. მისივე თქმით, ოპტიმისტურად უყურებს არა მარტო 2022, არამედ მომდევნო წლებსაც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანგები, აგრეთვე, გააფრთხილა, რომ მომავალი კვირები რთული იქნება COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, რადგან ვირუსი „ცირკულირებს და ცირკულირებს უფრო და უფრო“.

ბოლო დღეებში, „ომიკრონის“ გავრცელების გამო, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების კატასტროფულად მაღალი დღიური მაჩვენებლები ფიქსირდება – მაქსიმალური იყო 230 ათასზე მეტი შემთხვევა ერთ დღეში, 31 დეკემბერს; 3 იანვარს კი, ერთ დღე-ღამეში კიდევ 67 461 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close