პოლიტიკასაბერძნეთი

როგორ დააპირისპირა ბერძენმა კაპიტანმა ერთმანეთს თურქული ავიაცია და ფლოტი

საინტერესო ფაქტი 1974 წელს კვიპროსზე თურქეთის შეჭრის ქრონიკებიდან

1974 წლის 20 ივლისს კუნძულ კვიპროსზე თურქეთის არმიის შეჭრა დაიწყო, რამაც ქვეყნის ორ ნაწილად ფაქტობრივ გაყოფას დაუდო სათავე. კვიპროსის ბერძნული და თურქული თემებისთვის იმ ტრაგიკულ დღეებში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და გვინდა ერთ-ერთი მათგანის შესახებ გიამბოთ.

თურქული სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 13 ივლისს საბერძნეთიდან კვიპროსის მიმართულებით გაემგზავრა სამხედრო ჯავშნოსანი ხომალდი „ლესბოსი“ კაპიტან ლეფტერის ხანდრინოსის (Ελευθέριος Χανδρινός) მეთაურობით, რომლის ამოცანაც იყო კუნძულზე არსებული ბერძნული შეიარაღებული ძალების როტაციის განხორციელება. გემს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ამოხოსტოს პორტში 450 სამხედრო მოსამსახურე უნდა გადაეყვანა და ამდენივე უკან, სამშობლოში დაებრუნებინა (1959 წლის თებერვალში შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაფორმებული ხელშეკრულებით საბერძნეთს, როგორც კვიპროსის დამოუკიდებლობის გარანტორ ქვეყანას, კუნძულზე 950 სამხედრო ჰყავდა. იმავე ხელშეკრულებით კუნძულის თურქულენოვანი თემის ინტერესებს 650 თურქი ჯარისკაცი იცავდა).

ოპერაცია მცირე დაგვიანებით, 19 ივლისს განხორციელდა. უკან გზაზე 20 ივლისს, დილით გემის კაპიტანმა კუნძულზე თურქული დესანტის გადასხმის შესახებ შეიტყო. საიდუმლო ბრძანებით მას დაევალა, ბერძენი სამხედროები ლიმასოლის პორტში დაეტოვებინა. რამდენადაც გემი ბრძანების მიღების მომენტში ქალაქ პაფოსთან უფრო ახლოს იმყოფებოდა, დავალება შეიცვალა. კაპიტან  ხანდრინოსს ებრძანა, ჯარისკაცები პაფოსის პორტში გადაესხა, თავად კი საბერძნეთისკენ გაეგრძელებინა ცურვა, რადგან საბერძნეთი და თურქეთი, მიუხედავად კონფლიქტისა, პირდაპირ სამხედრო შეტაკებას თავს არიდებდნენ.

ხანდრინოსმა დავალება 20 ივლისს, ნაშუადღევს შეასრულა. ამავე დროს, პაფოსთან უკვე მიმდინარეობდა შეტაკებები ბერძნული და თურქული თემების წარმომადგენელთა შორის. ადგილობრივი ბერძნული თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა გემის კაპიტანს დახმარება სთხოვა. ხანდრინოსმა, საკუთარი ინიციატივით, ბერძნული სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე თურქული თემის პოზიციები დაბომბა. შედეგად, ეს უკანასკნელნი ადგილობრივ ბერძნებს დანებდნენ და პაფოსი კვიპროსის ბერძნული თემის კონტროლს სრულად დაექვემდებარა.

კაპიტანმა ხანდრინოსმა, თურქების შესაძლო შურისძიების შიშით, ჯერ სამხრეთისკენ, ეგვიპტის მიმართულებით გაცურა და მხოლოდ მოგვიანებით შებრუნდა დასავლეთით, საბერძნეთისკენ.

ამასობაში, პაფოსის ბერძნული სამხედრო გემით დაბომბვის ამბის გაგების შემდეგ თურქეთის სარდლობამ დაასკვნა, რომ საბერძნეთმა კვიპროსის მიმართულებით საკუთარი ფლოტი გაგზავნა და ღია კონფლიქტი წამოიწყო. თურქეთის ავიაციას საბერძნეთსა და კვიპროსს შორის მოძრავი ბერძნული სამხედრო გემების აღმოჩენა და განადგურება დაევალა.

სწორედ აქ მოხდა თურქებისთვის ტრაგიკული შეცდომა: დაგეგმილი ოპერაციის ზონაში 3 თურქული სამხედრო გემი მოძრაობდა. ნისლიანი ამინდის გამო თურქული სამხედრო თვითმფრინავების პილოტებმა ვერ დაინახეს გემების განმასხვავებელი ნიშნები (ორივე ქვეყანას აშშ მსგავსი შეიარაღებით ამარაგებდა. თურქული და ბერძნული ხომალდები და თვითმფრინავები ერთმანეთისგან მხოლოდ ფერითა და სიმბოლიკით განსხვავდებოდა) და თავიანთ გემებს დაესხნენ თავს. გემებზე მყოფი სამხედროებიც იძულებულნი გახდნენ ცეცხლი გაეხსნათ. სანამ სიტუაციაში გაერკვეოდნენ, ერთი თურქული გემი, „ქოჯათეფე“, ჩაიძირა, ხოლო ორმა მძიმე დაზიანება მიიღო. დაიღუპა 13 თურქი ოფიცერი და 64 თურქი ჯარისკაცი. 5 თურქული სამხედრო თვითმფრინავი კი თურქული გემებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად  ჩამოვარდა.

რამდენადაც საბერძნეთი ოფიციალურად არ აღიარებდა მონაწილეობას 1974 წლის კონფლიქტში, ლეფტერის ხანდრინოსის გმირობა საბერძნეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 2019 წელს, მისი გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ აღიარა და ქალაქ კერკირაში მისი ბიუსტი დაიდგა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close