კრიმინალისაბერძნეთი

ათენში მოკლული ქართველი „კანონიერი ქურდის“ მკვლელი ამ დრომდე არ არის დაკავებული – რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას (ვიდეო)

ახალი წლის პირველივე დღეს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში პირველი შეკვეთილი მკვლელობა მოხდა. მოკლული 41 წლის ქართველი მამაკაცი კრიმინალური ავტორიტეტია.

ე. წ. ქურდული შურისძიების ვერსია ქუთაისელი ე. წ. კანონიერი ქურდის მკვლელობის საქმეში ყველაზე აქტუალურია. ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ შოთა თევდორაძის ახლობლები კრიმინალურ სამყაროსთან მის კავშირს საჯაროდაც ადასტურებენ. სახლში, სადაც შოთა თევდორაძე საბერძნეთში წასვლამდე ცხოვრობდა, ახლა ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან.

შოთა თევდორაძეს 5 ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც ის მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ოჯახის წევრების თვალწინ საკონტროლო გასროლა, სავარაუდოდ ქილერმა, თავის არეში განახორციელა, 41 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ბერძენი სამართალდამცველები მკვლელის ვინაობის დასადგენად და მის დასაკავებლად ამ დრომდე მუშაობენ, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია ქართული მხარეც.

ე. წ. კანონიერი ქურდის მკვლელობის საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, შურისძიებაზე. ამ მოტივს რამდენიმე მიზეზიც ამყარებს.

„კურიერის“ ინფორმაციით, თევდორაძემ ზაფხულში ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტები შეკრიბა, სადაც კონკრეტული პირების სტატუსი უნდა განეხილათ. ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა შაქრო კალაშვოვის გარემოცვის წევრებში. ვაჟა ბიგანიშვილმა, იგივე ვაჟა „თბილისკიმ“, ქურდულ სამყაროში კალაშოვის გვერდის ავლით კონკრეტული გადაწყვეტილებები გააპროტესტა და შეკრების ინიციატორებს ანგარიშსწორებით ღიად დაემუქრა.

მეორე ვერსიით, გავლენიანი ავტორიტეტის მკვლელობის უკან შესაძლოა ჩეჩნური დაჯგუფება და ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ დომბაევი იდგეს. მას კრიმინალურ წრეებში „შალინსკის“ სახელით იცნობენ. „კურიერმა“ გაარკვია, რომ დომბაევს თევდორაძესთან უთანხმოება ჰქონდა, თევდორაძე შალინსკის „ქურდულ სტატუსს“ არ აღიარებდა, რასაც „კურიერის“ მიერ მოპოვებული წერილიც ადასტურებს.

„პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით კი, მკვლელობის მოტივი შესაძლოა მსხვერპლის უთანხმოება იყოს კრიმინლურ „ავტორიტეტ“ ვაჟა ბიგანიშვილთან გეგა მოდებაძის (გეგა „ოზურგეტსკი“) ქურდულ სტატუსთან დაკავშირებით.

მკვლელობის ოფიციალური ვერსიის გავრცელებამდე ჯერ კიდევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დანაშაულის ჩამდენი პირის გარდა, სავარაუდოდ, სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება და გამოძიების კვალი, შესაძლოა, შეკვეთილ მკვლელობაზე გავიდეს.

მოკლულს კრიმინალურ წრეებში „შოთიკოს“ სახელით იცნობდნენ. „პრაიმტაიმის“  ინფორმაციით, ის „ქურდად“ 2000 წელს გეგუთის კოლონიაში 19 წლის ასაკში „მონათლეს“.

შოთა თევდორაძეს „კანონიერ ქურდის“ კრიმინალური სტატუსი გავლენიანმა „კანონიერმა ქურდმა“ გაიოზ ზვიადაძემ მიანიჭა, რომელიც გასულ წელს თურქეთში ჩაცხრილეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close