იტალიაპოლიტიკა

იტალია: საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას მხოლოდ „სუპერ გრინპასის“ მფლობელი მოქალაქეები შეძლებენ

იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2022 წლის 10 იანვრიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას მხოლოდ ე. წ. სუპერ გრინპასის მფლობელები შეძლებენ  – ანუ ის მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსული ინფექცია გადაიტანეს ან კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს (როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, მხოლოდ ამ კატეგორიის მოქალაქეებს შეუძლიათ „სუპერ მწვანე სერტიფიკატის“ მიღება).

ავტობუსების, მეტროს, მატარებლებისა და სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ ე. წ. სუპერ გრინპასს, ვერ ისარგებლებენ ვერც სასტუმროების მომსახურებით, ვერ წავლენ სამთო-სათხილამურო კურორტებზე და სხვა საჯარო სივრცეებშიც ეკრძალებათ შესვლა.

ახალი დეკრეტი იტალიის მთავრობამ 30 დეკემბერს მიიღო და დღეს გამოქვეყნდა ოფიციალურ მაცნეში. მისი მიღების მიზეზი გახდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება – „ომიკრონის“ გავრცელების გამო იტალიაში ყოველდღიურად ახალ-ახალი რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება: მაგ, გუშინ ერთ დღეში 120 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა და ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა იტალიაში 30 დეკემბერს პირველად გადააჭარბა 100 000-ს; დღეს საღამოს გავრცელებული მონაცემების თანახმად, კიდევ ახალი რეკორდი დაფიქსირდა – ბოლო ერთ დღეში ჩატარებული ტესტირებების შედეგად კორონავირუსით ინფიცირება 144 233 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 155 პაციენტი. იზრდება სავადმყოფოების და ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვა.

როგორც ცნობილია, მანამდე მთავრობამ მიიღო დადგენილება 26 დეკემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო სივრცეებში FFP2 ნიღაბ-რესპირატორების ტარების ვალდებულების შესახებ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close