იტალიასაზოგადოება

სიცილიაზე, აგრიჯენტოს რაიონში გაზის აფეთქების შედეგად შენობები დაინგრა, 3 ადამიანი დაიღუპა, 6 დაკარგულს ეძებენ

ტრაგედია მოხდა იტალიის კუნძულ სიცილიაზე, აგრიჯენტოს რაიონში, რავანუზაში, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, გაზის აფეთქების შედეგად 4 შენობა მთლიანად დაინგრა, 3 კი ჩამოინგრა. დაღუპულია 3 ადამიანი, თავდაპირველად გავრცელებული მეოთხე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. მაშველებმა ჯერჯერობით 2 ქალი გადაარჩინეს. 6 ადამიანი დაკარგულად ითვლება და ამ დრომდე ეძებენ.

4 დაკარგული ადამიანი დანგრეულ შენობებში ცხოვრობდა, 2 კი – სტუმრად იყო ნათესავებთან, მათგან ერთი – 30 წლის ფეხმძიმე მედდა. ამის შესახებ აგრიჯენტოს პოლიციის უფროსმა ელიზა ვაკარომ სამაშველო სამუშაოების შედეგების შეჯამებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის დადასტურებულია 3 გარდაცვლილი და 2 გადარჩენილი ქალი, სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ასევე გაგრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 100-მდე მაშველი-მეხანძრე მონაწილეობს.

ოთხი შენობა დაინგრა და 3 დაზიანდა. 10 ათას კვადრატული მეტრის ფართობზე  ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც მეზობელ უბნებშიც იგრძნობოდა. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზსადენიდან დიდი რაოდენობით გაზის გაჟონვას მოჰყვა. მუნიციპალიტეტმა დანგრეული შენობების გადარჩენილი მოსახლეობისათვის დროებითი განთავსების ადგილები მოამზადა.

„უცბად ყველაფერ გამოირთო, შემდეგ ჭერი და იატაკი ჩავარდა“, – უთხრა „ლა რეპუბლიკას“ 80 წლის კარმინამ, რომელიც ერთ-ერთია ორი გადარჩენილი ქალიდან. იგი საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი დაზიანებები სახიფათო არ არის. მისი თქმით, ნანგრევებში მოყოლილი, მანამ ყვიროდა, სანამ მაშველებმა არ იპოვეს. მას ესმოდა, როგორ ყვიროდა, აგრეთვე, მისი რძალი, რომელიც ზედა სართულზე იყო. ეს ქალბატონიც გადარჩა.

„გაზი დაგროვდა ან დახურულ სივრცეში, ან მიწის ქვეშ. ლიფტის ამუშავებას ასევე შეეძლო აფეთქება გამოეწვია“, – ასეთი კომენტარი გააკეთა აგრიჯენტოს სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსმა ჯუზეპე მერენდინომ. მისი თქმით, უახლოეს დღეებში უფრო დეტალური ანალიზის პასუხი იქნება. იგი ვარაუდობს, რომ გაზის მილის გასკდომა უამინდობამ ან მეწყერმა გამოიწვია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close