რას არ გაიგებ/ფაქტებიიტალიასაზოგადოება

იტალიელი მამაკაცი, რომელიც სილიკონის ხელზე ყალბი აცრის გაკეთებას ცდილობდა „მწვანე საშვის“ მისაღებად, ნამდვილად აიცრა

იტალიაში მამაკაცი, რომელიც ყალბი სილიკონის ხელით მივიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, რეალურად აიცრა მას შემდეგ, რაც თავისმა საქციელმა იგი ცნობილი გახადა არა მარტო მთელ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის შესახებ სააგენტო AP იტყობინება.

იტალიელ სტომატოლოგ გვიდო რუსოს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს ბიელის ვაქცინაციის ცენტრში პერსონალის მოტყუების მცდელობის შემდეგ – როგორც ცნობილია, იგი შეეცადა, სილიკონის მკლავში გაეკეთებინა აცრა, თუმცა ექთანი თაღლითობას მიხვდა და ხელმძღვანელობას შეატყობინა, მათ კი, თავის მხრივ, სამართალდამცველებს აცნობეს.

ოთხშაბათ საღამოს რუსო იტალიური ტელევიზიის La7-ის თოქშოუში გამოჩნდა. მან თქვა, რომ მოტყუებას არ აპირებდა, არამედ თავისი საქციელით პროტესტი გამოხატა ვაქცინაციის მოთხოვნის გამო. როგორც ცნობილია, იტალიაში სამედიცინო მუშაკების ვაქცინაცია კოვიდის წინააღმდეგ სავალდებულოა, ამიტომ გვიდო რუსო, რომელმაც აცრა არ გაიკეთა, თავის სტომატოლოგიურ საქმიანობას ვეღარ აგრძელებდა.

რუსომ აღიარა, რომ მისი პროტესტი წარუმატებელი აღმოჩნდა და მეორე დღეს ნამდვილი აცრა გაიკეთა – კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, რადგან სხვა შანსი აღარ დარჩა: „იმიტომ, რომ სისტემამ მაიძულა, აცრა გამეკეთებინა“, – განაცხადა სტომატოლოგმა.

მან დასძინა, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის და ბავშვობაში ყველა აცრა აქვს გაკეთებული. „ვფიქრობ, მოცემულ მომენტში ვაქცინაცია – ერთადერთი იარაღია ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ, თუმცა უნდა იყოს არჩევანის თავისუფლება“, – თქვა მან.

ამ დროისთვის იტალიაში 12 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 85% აცრილია კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა 3,5 მილიონ ადამიანს ჯერ კიდევ არ მიუღია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა.

იტალიის მთავრობამ სავალდებულო ვაქცინაციისთვის პროფესიების წრე გააფართოვა – სამედიცინო მუშაკებისა და ხანდაზმულთა სახლების პერსონალის გარდა კოვიდსაწინააღმდეგო აცრა აუცილებელი მოთხოვნაა სამართალდამცველებისა და მასწავლებლებისათვის.

6 დეკემბრიდან იტალიაში „მწვანე საშვის“ გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აკრძალულია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close