fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

შეიძლება თუ არა ადამიანების „გამოცრა“? – ანტივაქცინაციის პროპაგანდისტები უჩვეულო მეთოდებს უწევენ აგიტაციას

სოციალური ქსელებში ანტივაქსერული შეთქმულების თეორიები აღარავის უკვირს, თუმცა „დევაქცინაციის“ მოტივით გავრცელებული ახალი სიგიჟე უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. შესაძლებელია თუ არა ადამიანების „გამოცრა“ და რა საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ნივთიერებით „დევაქცინაციის“ მცდელობა ადამიანების სიცოცხლეს? ამ კითხვებზე პასუხები Businessinsider-მა მოიძია.

რა ხდება?

თავისი ექსტრემისტული შინაარსით ცნობილ პლატფორმა Bitchute-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კაცი ელექტროდების, ძლიერი მაგნიტისა და 55%-იანი „მონტანას“ ვისკის მეშვეობით ცდილობს, აშშ-ის სამხედრო ვეტერანის ორგანიზმიდან COVID-19-ის ვაქცინა გამოდევნოს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, „გამოცრის“ ეს უჩვეულო მცდელობა გამონაკლისი სულაც არ არის. არსებობს სხვა ვიდეო, რომელშიც ინიექციის ადგილზე კაცი სამართებლით დამატებით ჭრილობებს იყენებს, რათა ვაქცინასთან ერთად სისხლის მნიშვნელოვანი რაოდენობაც გარეთ გამოვიდეს.

აშკარა და ნათელია, რომ ვერცერთი ასეთი მეთოდი ეფექტიანი ვერ იქნება, რადგან აცრილი ადამიანის „დევაქცინაცია“ შეუძლებელია. აცრის შედეგად ორგანიზმი სწავლობს, თუ როგორ ებრძოლოს ინფექციას. შესაბამისად, ვაქცინირებულ სხეულში არ არის რამე ტიპის ნივთიერება, რომელიც შეიძლება ავიღოთ, გარეთ გამოვიტანოთ და, სურვილისამებრ, გავანადგუროთ კიდეც.

დღეისათვის COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილია მილიონობით ადამიანი. ამიტომაც ანტივაქსერული მოძრაობის აქტივისტებმა შეიმუშავეს ახალი ნარატივი, რომლის სამიზნეც არიან ის პირები, რომლებმაც უკვე გაიკეთეს ვაქცინა და თავიანთ საქციელს ნანობენ. შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანების „დევაქცინაცია“ ნამდვილად შესაძლებელია. ისინი რეკომენდაციას უწევენ სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც „უცნაურიდან“ „პოტენციურად საშიშამდე“ მერყეობენ.

რომელ პლატფორმებს იყენებენ მოძრაობა „დევაქცინაციის“ აქტივისტები?

მოძრაობა „დევაქცინაციის“ მოწოდებები ვრცელდება Telegram-ის ჯგუფებში, რომლებშიც ათასობით ადამიანია გაწევრიანებული, თუმცა შეთქმულების თეორეტიკოსები  საკუთარი მიზნებისთვის სხვა გარე პლატფორმებსაც იყენებენ. სოციალური ქსელების მომხმარებლები ზემოხსენებული ვიდეოების მსგავს მასალებს თავადაც აზიარებენ და სასურველ გზავნილებს ფართო აუდიტორიას სწორედ ამ გზით აწვდიან.

როგორც Insider-ს ექსპერტებმა განუცხადეს, ამ ანტივაქსერული მოძრაობის წევრები აქტიურობას ახერხებენ ისეთ მთავარ პლატფორმებზე, რომლებიც მსგავსი შინაარსის მასალებს ზღუდავენ. აქ საუბარია Facebook-სა და TikTok-ზე. მას შემდეგ, რაც Insider-მა ამ ექსტრემისტული ჯგუფების არსებობაზე არაერთხელ ხაზგასმით დაწერა, Facebook-მა COVID დეზინფორმაციის პოლიტიკის დარღვევისთვის „დევაქცინაციის“ არაერთი ჯგუფის ანგარიში გააუქმა.

დეზინფორმაციის ექსპერტმა და Logically AI-ის წამყვანმა მკვლევარმა ჯო ონდრეკმა  Insider-ს განუცხადა, რომ მოსაზრებას, თითქოს „დევაქცინაცია“ შესაძლებელია, ფესვები ძველ შეთქმულების თეორიებში აქვს. მეცნიერმა ეს დაუკავშირა სხვა ვარაუდს, რომელიც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ვაქცინები მაგნიტურია. სწორედ ამ უკანასკნელი თეორიის არსებობის გამო გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომლებშიც ადამიანები ამტკიცებენ, რომ აცრის შემდეგ მათ სხეულს ლითონის ნივთები ეკვრის.

„რადგან ეს ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა, ადამიანები ამის დამადასტურებელ მეცნიერულ მიზეზებს ეძებდნენ. შედეგად, მათ განავითარეს თეორია, თითქოს ვაქცინა შეიცავს გრაფენის ოქსიდს, რომელიც არის მაგნიტური მასალა“, – ამბობს ჯო ონდრეკი. აღსანიშნავია, რომ გრაფენის ოქსიდი არის ნივთიერება, რომელიც გარკვეული პოტენციური სამედიცინო აპლიკაციით მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში გამოიყენება. შეთქმულების ზოგიერთი თეორეტიკოსი ამტკიცებს, რომ აცრის მეშვეობით პაციენტის ორგანიზმში ამ ნივთიერების იმპლანტირება ხდება, რათა ადამიანები გარდაიქმნან მანქანების მსგავს არსებებად, რომლებიც ადვილად გაკონტროლდებიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოები კი მკაფიოდ და ცალსახად აცხადებენ, რომ გრაფენის ოქსიდს COVID-19-ის არცერთი ვაქცინა არ შეიცავს.

როგორ შეიძლება ორგანიზმის „გამოცრა“?

„დევაქცინაციის“ ზოგიერთი მომხრე აცხადებს, რომ აცრის შედეგად იმპლანტირებული გრაფენის ოქსიდისგან ორგანიზმის გაწმენდა შეუძლია. „გამოცრის“ ყველაზე უვნებელი შეთავაზებაა ცილოვანი დანამატები და ფიჭვის ექსტრაქტის კაფსულები, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. აი, სხვა შეთავაზებები კი პოტენციურად ნამდვილად საშიშია.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, შეთქმულების ზოგიერთმა თეორეტიკოსმა ტოქსიკური მათეთრებელი, ქლორის დიოქსიდი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო და, ამავდროულად, „გამოცრის“ უებარ საშუალებად მიიჩნია. როგორც Insider-ს აქტივისტმა ფიონა ო’ლირიმ განუცხადა, „დევაქცინაციის“ შესაძლებლობის შესახებ შეთქმულების თეორიები თვეების განმავლობაში მზადდებოდა. ეს უკანასკნელი აქტიურად ადევნებდა თვალს დეზინფორმაციას, რომელიც ქლორის დიოქსიდთან დაკავშირებით ვრცელდებოდა.

ქლორის დიოქსიდი არის ერთგვარი მათეთრებელი საშუალება და ის ქაღალდის პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება. მისმა დიდი დოზით გამოყენებამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს. სწორედ ქლორის დიოქსიდის, როგორც „სასწაულებრივი სამკურნალო საშუალების“ გამოყენებას უკავშირდება პანდემიის დროს გარდაცვალების არაერთი ფაქტი.

ქლორის დიოქსიდის გამოყენების წამყვანი აგიტატორის, ანდრეას კალკერის წინააღმდეგ არგენტინაში საქმეა აღძრული. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხველის სამკურნალოდ ტოქსიკური მათეთრებლის მიღების გამო ბავშვი გარდაიცვალა. კალკერი Bitchute-ზე გავრცელებულ ვიდეოებში კოვიდ-ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის შემცველობის შესახებ არსებულ შეთქმულების თეორიებს პროპაგანდას უწევს. ის აცხადებს, რომ ამ ნივთიერებისგან ორგანიზმის გაწმენდა სწორედ ქლორის დიოქსიდს შეუძლია. კალკერის ახალმა წიგნმა მისი უსაფუძვლო რწმენა მათეთრებლის “დევაქცინაციის” ძალაზე კიდევ უფრო გააფართოვა. აღნიშნული გამოცემა Amazon-ზეც იყიდებოდა, თუმცა მიუწვდომელია მას შემდეგ, რაც Insider-მა კომპანიას მიმართა. ამერიკული ფინანსური და ბიზნეს ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში კალკერმა სცადა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში გრაფენის ოქსიდის შემცველობის შესახებ თავისი მოსაზრება დაეცვა და საკუთარი ვარაუდი სადავო ესპანურ კვლევაზე დაყრდნობით გაემყარებინა. თუმცა მან Insider-ის დარწმუნება, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო.

რამდენად მასშტაბურია დევაქცინაციის მოძრაობა?

დევაქცინაციის მოძრაობა საკმაოდ გაფართოვდა და ცდილობს, მთავარ პლატფორმებზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. NBC News-ის ბოლოდროინდელმა გამოძიებამ TikTok-ზე აღმოაჩინა ანტივაქცინაციის არაერთი პროპაგანდისტი, რომლებიც „დევაქცინაციისთვის“ სხვადასხვა დაუდასტურებელ და უჩვეულო მეთოდს უწევენ აგიტაციას.

„გამოცრის“ საშუალებებად ეს ადამიანები მიიჩნევენ ქიმიური ნივთიერება ბორაქსით გაჟღენთილი წყლის აბაზანების მიღებას ან შპრიცის გამოყენებით ვაქცინის ამოტუმბვას. ცხადია, არცერთ მათგანს არ აქვს აცრის პროცესის შეჩერების ან შედეგის გაუქმების პერსპექტივა. ექსპერტთა შეფასებით, შეთქმულების თეორეტიკოსები ასევე იყენებენ Facebook-ზე ღია და დახურულ ჯგუფებს, რათა „დევაქცინაცია“ განიხილონ.

როგორც ჯო ონდრაკმა აღნიშნა, Telegram-ისა და Facebook-ის დახურული ჯგუფების გაუმჭვირვალობის გამო ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად ფართოდ ვრცელდება დეზინფორმაცია. Facebook-ის მშობელმა კომპანია Meta-მ Insider-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციის მიზანი იყო და არის COVID-19-ისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ სწორი ინფორმაციის პოპულარიზაცია.

„გარკვეული ჯგუფები ჩვენი წესების დარღვევისთვის წავშალეთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ჩვენ წავშლით ნებისმიერ ჯგუფს, გვერდსა თუ პოსტს, რომელიც ამ წესებს განმეორებით დაარღვევს “, – განმარტა Meta-ს წარმომადგენელმა.

ექსპერტების შეფასებით, დევაქცინაციის მოძრაობის მასშტაბების ზრდა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამ კამპანიის წარმოქმნას უფრო ღრმა მიზეზები აქვს, – აცხადებენ სპეციალისტები. ჯო ონდრეკი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი ნარატივი, რომელმაც ანტივაქსერულ მოძრაობაში დააკავშირა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფი – ალტერნატიული ჯანდაცვის დამცველები და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები. „ისინი მართლაც სრულად ემთხვევიან ერთმანეთს დევაქცინაციის იდეაში”,- აცხადებს ონდრეკი.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close