იტალია: კაზერტის ახლოს სახლი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ
დღეს დილით საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა იტალიაში, კანსელო სკალოში, რომელიც სან ფელიჩე ა კანსელოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია (კაზერტის პროვინცია, კამპანიის რეგიონი). მეხანძრე-მაშველები ადგილზე მუშაობენ და ნანგრევების ხაფანგში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
არსებობს ინფორმაცია, რომ ორმა ხანდაზმულმა მაცხოვრებელმა ვერ შეძლო შენობიდან გამოსვლა და ნანგრევებშია მოყოლილი, სხვებმა კი თავს უშველეს.
პირველადი ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი გახდა გაზის გაჟონვა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
მეხანძრე-მაშველები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით ცდილობენ, დაადგინონ, ნანგრევებში სად იმყოფება 2 ხანდაზმული ადამიანი. ნანგრევების ქვეშიდან ქალის ყვირილი ისმოდა.
აფეთქება დილის 7-ის ნახევარზე მოხდა (ადგილობრივი დროით), როდესაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ადგა და სინათლე ჩართო, რამაც გაჟონვის გამო დაგროვილი გაზისთვის დეტონატორის როლი შეასრულა – ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა დაინგრა. ქალი, რომელიც დაადგინეს, სად არის მოყოლილი ნანგრევებში, 74 წლისაა, ისევე როგორც მისი მეუღლე, რომლის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება ე. წ. მოლეკულურმა ძაღლებმა (cani molecolari) ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
კომენტარები