იტალიასაზოგადოება

იტალია: კაზერტის ახლოს სახლი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ

დღეს დილით საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა იტალიაში, კანსელო სკალოში, რომელიც სან ფელიჩე ა კანსელოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია (კაზერტის პროვინცია, კამპანიის რეგიონი). მეხანძრე-მაშველები ადგილზე მუშაობენ და ნანგრევების ხაფანგში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

არსებობს ინფორმაცია, რომ ორმა ხანდაზმულმა მაცხოვრებელმა ვერ შეძლო შენობიდან გამოსვლა და ნანგრევებშია მოყოლილი, სხვებმა კი თავს უშველეს.

პირველადი ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი გახდა გაზის გაჟონვა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველები სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მეშვეობით ცდილობენ, დაადგინონ, ნანგრევებში სად იმყოფება 2 ხანდაზმული ადამიანი. ნანგრევების ქვეშიდან ქალის ყვირილი ისმოდა.

აფეთქება დილის 7-ის ნახევარზე მოხდა (ადგილობრივი დროით), როდესაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ადგა და სინათლე ჩართო, რამაც გაჟონვის გამო დაგროვილი გაზისთვის დეტონატორის როლი შეასრულა – ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც შენობა დაინგრა. ქალი, რომელიც დაადგინეს, სად არის მოყოლილი ნანგრევებში, 74 წლისაა, ისევე როგორც მისი მეუღლე, რომლის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება ე. წ. მოლეკულურმა ძაღლებმა (cani molecolari) ჯერჯერობით ვერ  შეძლეს.

მეზობელ სახლებში მცხოვრები ადამიანების თქმით, მოესმათ საშინელი გუგუნის ხმა და ძლიერი მიწისძვრა ეგონათ, ისე ზანზარებდა ყველაფერი.

მოგვიანებით „ანსამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მაშველები, რომლებმაც იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი, ხელით მუშაობდნენ, ფრთხილად თხრიდნენ ნანგრევებს და პატარა „გვირაბი“ გააკეთეს, რომლის საშუალებითაც ჯუზეპინამდე მიაღწიეს. ქალი გადარჩა იმის წყალობით, რომ იპოვა მცირე სივრცე ორ სხვენს შორის. მას ჟანგბადის ბალონი მიუტანეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ კი მაშველებმა მისი ქმარიც იპოვეს, სამწუხაროდ, ხანდაზმული მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

20 ნოემბერს „ანსამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნეაპოლის კარდარელის საავადმყოფოში გარდაიცვალა 74 წლის ჯუზეპინა სამაჩიჩო, რომელიც წინა დღეს ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით.

ნინო ხოშტარია

ინფორმაცია განახლებულია 18 სთ-ზე და 21 სთ-ზე და 20 ნოემბერს, 11:00 სთ-ზე. დამატებული აქვს ბოლო 3 აბზაცი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close