პოლიტიკასაქართველო

„ყოფილი პრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია…“ – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების ვალდებულებებს მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, დაცული უნდა იყოს სააკაშვილის ღირსება და ჯანმრთელობა, თუმცა ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა საფრთხეების შემცველია.

„ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხზე. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება არის ძალიან დიდი გამოწვევა. … კანონის წინაშე ყველა თანასწორია და, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან  გამომდინარეობს. …

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში ყოფილი პრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია. …

ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას [მიხეილ სააკაშვილს] და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება და ჯანმრთელობა. მთელი ამ დროის განმავლობაში ვიღებდი და ვიღებ ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამისი უწყებიდან. დღეს მინდა ხელისუფლებას და საზოგადოებას მივმართო და ჩემი შეხედულება გავაცნო.

პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, რამეთუ ის მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და უნდა ეცეს პატივი. იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია…

დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსაგავსოს წინამორბედს, ამიტომ გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვისაც.

ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ… ყველა ხვდება კარგად, რომ პრეზიდენტების ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე.

ასევე, ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არ ამცირებს ხელისუფლების პასუსიხმგებლობას. ლოგიკურად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე მეტად დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, არის კიდეც…​

ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი ისევე, როგორც სხვა რიგითი პატიმრები გადაყვანილი იყოს სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული.

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია მრავალი შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია.

ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ რამე დააკლეს მას შიმშილობისას თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე – შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ…“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან – პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს. იგი თავიდან რუსთავის მე-12 პენიტენციარულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული, 8 ნოემბერს კი გლდანში, ციხის საავადმყოფოში (მე-18 სამკურნალო დაწესებულება) გადაიყვანეს – როგორც თავად აცხადებს, მოტყუებით და ძალის გამოყენებით, რაც პენიტენციარული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოშიც ჩანს. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ 10 ნოემბერს არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი მის კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, 11 ნოემბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს მხოლოდ იმ პირობით, რომ ციხის საავადმყოფოდან სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close