ვიდეოხელოვნება

იტალიაში „ევროვიზია 2022-ზე“ საქართველოს „უცნაური“ ბენდი – CIRCUS MIRCUS-ი წარადგენს (ვიდეო)

მომავალი წლის გაზაფხულზე იტალიის ქალაქ ტურინში საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ბენდი Circus Mircus-ი წარადგენს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პირველი არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა ერთობლივად მიიღეს.

Circus Mircus-ი სამი ქართველი არტისტისგან შედგება, რომელთა ფსევდონიმებია: ბავონც გევორქიანი, იგორ ფონ ლიხტენშტეინი და დამოკლეს სტავრიადისი.

„Circus Mircus-ი არის მოძრაობა, რომელიც ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს აერთიანებს. მათი მიზანია აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება, მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში“, – აღნიშნულია ვიდეოში, რომელიც ჯგუფის Youtube-არხზე გამოქვეყნდა.

ანონიმი ქართველი არტისტების პროექტმა – Circus Mircus-მა დაარსების დღიდან სხვადასხვა ჟანრის ათი მუსიკალური კლიპი გამოუშვა.

„ბენდის პირველი ლაივი თბილისში, საქართველოში ჩატარდა. ამ ადგილს ჯგუფის სამივე წევრისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს, რადგანაც ისინი აქ მდებარე ცირკის აკადემიაში სწავლობდნენ, საიდანაც მოგვიანებით გარიცხეს. ამის შემდეგ არტისტები გაერთიანდნენ და მისტერ კაიტის მოხეტიალე ცირკთან ერთად წლების განმავლობაში მსოფლიო ტურნეს მართავდნენ. კოლექტივის შემოქმედება, რომელიც რამდენიმე ჟანრს მოიცავს, ჯგუფის თითოეული წევრის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს წარმოაჩენს“, – ვკითხულობთ Youtube-არხის აღწერის ველში.

2022 წელს ევროვიზიის კონკურსს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს. ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალური კონკურსი კი – 14 მაისს და გამარჯვებულიც ამ დღეს გამოვლინდება.

იტალიამ ორჯერ უმასპინძლა „ევროვიზიის“ კონკურსს – ნეაპოლსა (1965) და რომში (1991). 2022 წელს კონკურსის ჩატარების უფლება ქვეყანამ მოიპოვა ჯგუფ „მანესკინის“ (Måneskin) გამარჯვების შედეგად სიმღერით Zitti E Buoni წელს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მაისში გამართულ კონკურსზე. 1964 წელს ევროვიზიაზე ჯილიოლა ჩინკვეტიმ მოიპოვა პირველი ადგილი, სიმღერით Non Ho L’Età, 1990  წელს კი – ტოტო კუტუნიომ, სიმღერით “Insieme: 1992.

სიმღერის 66-წლიანი ისტორიის მქონე კონკურსში მომავალ წელს 41 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close