აშშ-ში ინფლაციის დონე ოქტომბერში 6,2%-ით გაიზარდა წლიური გათვლით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – 1990 წლის ნოემბრის შემდეგ. როგორც 10 ნოემბერს ვაშინგტონში აშშ-ის შრომის სამინისტრომ განაცხადა, წინა თვეებთან შედარებით ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 0,9%-ით გაიზარდა. სექტემბერში ფასების ზრდა 0,4%-ს უდრიდა აგვისტოსთან შედარებით.
ინფლაციის „წამყვანი“ ფაქტორები, სხვებთან ერთად, გახდა ბენზინის, კვების პროდუქტების ფასები, ბინის ქირა და ნახმარი ავტომობილები. ენერგომატარებლების ღირებულება ბოლო 12 თვის განმავლობაში 30%-ით გაიზარდა, ბენზინის ფასი კი – თითქმის 50%-ით.
კორონავირუსის პანდემიის მიერ დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკის აღდგენასთან ერთად სამომხმარებლო ფასები ბევრ ქვეყანაში გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია საერთაშორისო მიწოდების ქსელებთან დაკავშირებული პრობლემები. Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთში სამრეწველო სფეროში ინფლაციამ 26 წლის წინანდელ დონეს მიაღწია, ბრაზილიაში სამომხმარებლო ფასებმა უფრო მეტად მოიმატა, ვიდრე პროგნოზირებდნენ. გერმანიაში კი ოქტომბერში ინფლაცია (წლიური გადაანგარიშებით) 4,5%-ით გაიზარდა. ფედერალური სტატისტიკური უწყების ცნობით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1993 წლის შემდეგ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები