fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ფოფი გენიმატას გარდაცვალების გამო საბერძნეთში 27 ოქტომბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 27 ოქტომბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, KINAL-ის (მოძრაობა ცვლილებისთვის – ბერძ. Κίνημα Αλλαγής) ლიდერის, ფოფი გენიმატას (Φώφη Γεννηματά) გარდაცვალების გამო.

56 წლის სოციალისტი პოლიტიკოსი კიბოსთან ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხდა.

საბერძნეთის პარლამენტმა გადაწყვიტა, შეაჩეროს სხდომები გარდაცვლილი პოლიტიკოსის ხსოვნის პატივსაცემად. ორშაბათს მისი სიკვდილის გამოცხადების შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი კოლეგას. თეთრი ვარდების თაიგული დევს სავარძელთან, სადაც პარლამენტის პლენარული სხდომების დროს იჯდა ფოფი გენიმატა თავისი სადეპუტატო უფლებამოსილების შესასრულებლად.

ქალბატონი ფოფი გენიმატას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ- მინისტრმა.

კირიაკოს მიცოტაკისს პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ საუდის არაბეთში ჩასვლისას აცნობეს, სადაც ორკვირიანი ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მიცოტაკისმა შეცვალა განრიგი და სამშაბათს საღამოს ათენში დაბრუნდება, რათა ოთხშაბათს დაკრძალვის ცერემონიაში მიიღოს მონაწილეობა.

ბერძნული პარტია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ (KINAL-PASOK) ლიდერი ფოფი გენიმატა ორშაბათს 12:04 სთ-ზე გარდაიცვალა ათენის ევანგელიზმოს საავადმყოფოში. გენიმატა კიბოს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ებრძოდა, საავადმყოფოში იგი 2 კვირის წინ მოათავსეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირიდან ორშაბათის ღამით მას ღვიძლის იშემიური შოკი განუვითარდა და ექიმების ყველა ძალისხმევა მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ამაო აღმოჩნდა.

ის 11 ოქტომბერს მოათავსეს ნაწლავების გაუვალობის და პირველადი სიმსივნის რეციდივის გამო. მედიასაშუალებების ცნობით, პოლიტიკოსს მუცლის ღრუში მრავალრიცხოვანი მეტასტაზი აღმოუჩინეს.

მას პირველად ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს 2008 წელს.

მთელი ბერძნული პოლიტიკური სამყარო, აგრეთვე, ბერძნული საზოგადოება, პოლიტიკური კუთვნილებისა თუ სიმპათიების მიუხედავად ამ მებრძოლი და აქტიური ქალის სიკვდილის გამო ძალიან შეწუხებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ასე თუ ისე ცნობილი იყო, თუმცა მის ასე უეცარ გარდაცვალებას არავინ ელოდა.

ფოფი გენიმატა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა უკვე უნივერსიტეტში სწავლისას, KINAL-PASOK-ის ლიდერად იგი 2014 წელსა აირჩიეს. იგი ერთადერთი ქალი იყო საბერძნეთის სოციალისტური პარტიის ლიდერის პოსტზე.

ფოფი გენიმატას ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს ათენის პირველ სასაფლაოზე დაკრძალავენ. მას დილის 10 საათიდან ეკლესიაში დაასვენებენ, პანაშვიდი 14:00 სთ-ზე დაიწყება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close