იტალიასაზოგადოება

იტალიის სამხრეთი ისევ დაზარალდა უამინდობის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

კუნძული სიცილია და იტალიის სამხრეთი რეგიონი – კალაბრია გამოსასვლელ დღეებში სერიოზულად დაზარალდა 100 კმ/სთ სიჩქარის შტორმული ქარისა და გადაუღებელი წვიმების გამო. უამინდობამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს

მაშველებს 580 გამოძახებაზე მოუხდათ გასვლა, ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს, რომლებიც ადიდებული წყლის გამო საფრთხეში აღმოჩნდნენ, აგრეთვე, გამოძახებები იყო ხეების დაცემისგან დაზიანებული სახურავებისა და სხვა კონსტრუქციების გამო. გადაუღებელი წვიმის შედეგად ბევრი ადგილი დაიტბორა.

ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაღუპულზე – უამინდობამ კატანიის პროვინციაში 67 წლის მამაკაცი, სებასტიანი გამბერა იმსხვერპლა. მისი და მისი 54 წლის ცოლის ძებნა ჯერ კიდევ კვირას დაიწყეს მას შემდეგ, რაც სხვა მძღოლმა, რომელიც მოდიდებული წყლის და ტალახის ნაკადის გამო თავადაც საკუთარ ავტომობილში დაბლოკილი აღმოჩნდა, მაშველებს უთხრა მათ შესახებ. მამაკაცის თქმით, დაინახა, როგორ გადმოვიდა Ford Fiesta-დან ასაკოვანი წყვილი, რომლებიც მოვარდნილმა წყლის ნაკადმა წაიღო. მამაკაცის ცხედარი ზეთისხილის ბაღში იპოვეს იმ ადგილიდან საკმაოდ შორს, სადაც ის თვითმხილველმა ბოლოს ნახა. Ansa აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ იპოვეს მაშველებმა მამაკაცი.

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კიდევ ერთი ოჯახური წყვილი, საბედნიეროდ, ისინი ცოცხლები იპოვეს გვიან საღამოს და პრევენციის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

უამინდობის გამო საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა, გადაიდო ათობით რეისი. კატანიაში (სიცილია) ორშაბათს სკოლები, პარკები და სასაფლაოები დაკეტილი იყო.

სიცილისთვის, კალაბრიისთვის (განს. რეჯოს პროვინცია), ბაზილიკატისა და აპულიისთვის მოსალოდნელი ძლიერი ქარის თაობაზე გაფრთხილება ორშაბათსაც გაავრცელა შესაბამისმა სამსახურმა.

საიტ Ilmeteo.it-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანტონიო სანი  ამბობს, რომ ციკლონი, რომელიც გავრცელდა, მთელი კვირის განმავლობაში მოახდენს  გავლენას ამინდზე ქვეყნის სამხრეთში, განსაკუთრებით კალაბრიაში (იონიის ზღვის სანაპიროზე) და სიცილიაზე, ხოლო ხუთშაბათიდან – აპულიის სამხრეთშიც.

გასულ კვირაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა დააზარალა ქარიშხლებმა. პოლონეთში უამინდობის გამო 4 ადამიანი დაიღუპა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close