მძინარე ქალის საწოლზე, ბალიშის გვერდზე მეტეორიტი დაეცა
კანადის პატარა ქალაქ გოლდენში რუთ ჰამილტონს ღამით თავის სახლში ეძინა, როდესაც საკუთარი ძაღლის ყეფამ გააღვიძა. რამდენიმე წამიც არ იყო გასული და მის საწოლზე შორეული კოსმოსიდან მოსული ქვა დაეცა.
„იქამდე უზარმაზარი აფეთქების ხმა გავიგე და სახეზე ნაგავი დამეყარა. საწოლიდან წამოვხტი და შუქი ავანთე. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა და 911-ში დავრეკე“, — იხსენებს 66 წლის ქალბატონი.
მისი განცხადებით, ოპერატორმა ყველაფერი გამოკითხა. ტელეფონზე საუბრისას იმ ორ ბალიშს შორის, რომლებზეც ეძინა, ნახშირისფერი, მონაცრისფრო ქვა შენიშნა.
დაახლოებით ნესვის ზომის ქვა კოსმოსური ნამტვრევია, რომელმაც ჰამილტონის სახლის სახურავი გაარღვია და მის საწოლზე, ბალიშიდან რამდენიმე სანტიმეტრში დაეცა.
ონტარიოს ლონდონის დასავლეთ უნივერსიტეტის ექსპერტთა ჯგუფმა მალე დაადასტურა, რომ ეს ქვა მართლაც კოსმოსიდან იყო მოსული.
უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის პროფესორი პიტერ ბრაუნი ამბობს, რომ ამ ამბავში ყველაფერი მეტეორიტის ჩამოვარდნას შეესაბამება, კიდევ უფრო მეტად კი ამას ადასტურებს იმავე დროს ცაში გამოჩენილი ცეცხლოვანი ბურთი.
ჰამილტონი მეტეორიტის გადაცემას ბრაუნის ჯგუფისთვის გეგმავს. პროფესორი ბრაუნი იმედოვნებს, რომ შემდეგ თვეში დაადგენენ მეტეორიტის ტიპს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ის მზის სისტემის ასტეროიდთა მთავარი სარტყლიდან არის მოსული.
ბრაუნის განცხადებით, ეს მეტეორიტის საძინებელში ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის. შარშან ასეთივე ფაქტი დაფიქსირდა ინდონეზიაშიც.
რაც შეეხება რუთ ჰამილტონს, შემთხვევის შედეგად მას რაიმე დაზიანება არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით დიდ შიშს. ქალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეცნიერები კვლევას დაასრულებენ, ამ ქვას შეინახავს.
მომზადებულია cbc.ca-ს მიხედვით.
1tv.ge
კომენტარები