fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდაა მოსალოდნელი – ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის „ტრაგიკული“ პროგნოზი

„იქნება ხისტი გადაწყვეტილებები“ - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ეპიდვითარება საგანგაშოა და ამას ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის კვლევაც მოწმობს – ჯანმრთელობის გაზომვის ინსტიტუტის პროგნოზები, რომელიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით გაკეთდა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. მონაცემები საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ასახავს, აღნიშნულია, რომ ვირუსს ქვეყანაში ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 15 პაციენტის სიცოცხლე ეწირება.

ბიძინა კულუმბეგოვი ჰელსმეტრიკის ინსტიტუტის საგანგაშო დასკვნაზე საუბრისას ამბობს, რომ წინასწარი კვლევებით, დაბალი ვაქცინაციის ფონზე, ქვეყანაში გარდაცვალების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი.

„მათი პროგნოზით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე ქვეყანაში ჯამურად 11-იდან 12 ათასამდე გარდაცვლილი ადამიანი იქნება. ჩვენ ახლა 9 ათას 500-იან ნიშნულს გადავაჭარბეთ კიდეც. ამიტომ, ძალიან ტრაგიკული სიტუაციაა და სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ამის გამეორება, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ვაქცინაცია“, – ამბობს კულუმბეგოვი.

ქვეყანაში რამდენიმე დღეა, ახალი ტალღა დაიწყო, თანაც ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან: ბოლო დღეებია,  ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000-ს აჭარბებს (შაბათ-კვირის მაჩვენებლების გარდა, როდესაც ნაკლები ტესტი კეთდება), დადებითობის მაჩვენებელი (ჩატარებული ტესტებიდან ვირუსით ინფიცირების დადასტურებული პროცენტული რაოდენობა) ყოველდღე იზრდება – დღეს, მაგალითად, დღიური მაჩვენებელი 9,11%-ია (შედარებისთვის, იგივე მაჩვენებელი ბოლო პერიოდში იტალიაში 1%-ს ქვემოთაა, 0,5-0,8%-ის ფარგლებში),  ბოლო 7 დღის – 9,02%, ბოლო 14 დღის – 8,79%.

გასულ 24 საათში საქართველოში ჩატარებული ტესტირებების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ –  5 739), გარდაიცვალა 42 პაციენტი, 2 348 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 675 771 შემთხვევა, მათგან 619 285 გამოჯანმრთელდა, 9 588 კი – გარდაიცვალა.

დღეისათვის სულ ჩატარდა – 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია – 5 543.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 32 პროცენტია აცრილია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ამირან გამყრელიძემ დასძინა, რომ პროგნოზი საიმედო არ არის, რის გამოც შესაძლოა საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გარკვეული ხისტი გადაწყვეტილებები მიიღოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაზეა საუბარი. იგი მოუწოდებს მოსახლეობას, ატარონ პირბადე.

„ჩემი მოწოდებაა, მარტო პირბადის მაჩვენებელი, რომელიც დღეს არის 47 პროცენტი, რომ ავიყვანოთ 95-ზე, ეს დაზოგავს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს. ეს ხომ ყველაზე მარტივია, ამას არც ანტივაქსერობა სჭირდება, არც ვაქსერობა და არაფერი. ყველამ გავიკეთოთ პირბადე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ორიოდე დღის ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნიამ ისაუბრა საქართველოში ე. წ. მწვანე საშვის შემოღების შესაძლებლობაზე. მისი თქმით, ამ მექანიზმს არაერთი ქვეყანა იყენებს და მიმდინარეობს მუშაობა, რომ იგივე მექანიზმი დაინერგოს საქართველოშიც.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close