fbpx
ეკონომიკამიგრაცია

პროგრამა ემიგრანტებისთვის – 4–ათასლარიანი გრანტით უკვე 185-მა მოქალაქემ ისარგებლა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა. საქმე ეხება მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მიმდინარე წელს გამოცხადდა და სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას ითვალისწინებს, მაქსიმუმ 4 000-ლარიანი გრანტით.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს. პროგრამის მიმდინარეობის დეტალებზე bm.ge-ს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციის სამსახურის უფროს დავით ფეიქრიშვილს ესაუბრა:

„2021 წელის საგაზაფხულო მიღების დროს კომისიამ განიხილა 388 საშემოსავლო პროექტის განაცხადი, საიდანაც, გამარჯვებულად გამოვლინდა 185 მიგრანტი, რომელთა დიდ ნაწილს უკვე გადაეცა მათთვის შესყიდული ნივთები, დარჩენილი ნაწილისათვის მიმდინარეობს გადაცემა. მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა საშემოდგომო განაცხადების მიღება, სადაც 270 განაცხადი შემოვიდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასწარი მონიტორინგი და ნოემბერში გამარჯვებულები გამოვლინდებიან“, – ამბობს ფეიქრიშვილი.

მისივე განმარტებით, პროგრამის ბიუჯეტი 2021 წელს 650 000 ლარია, ხოლო უშუალოდ საშემოსავლო საგრანტო პროექტების დაფინანსებას 542 000 ლარი მოხმარდება. გარდა ამისა, რეინტეგრაციის პროგრამას აქვს სხვა კომპონენტები, მათ შორის, სამედიცინო სერვისის დაფინანსება, პროფესიული სწავლის ხელშეწყობა, საკონსულტაციო/რეფერალური სერვისი და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.

კითხვაზე, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ გრანტის მიღების მსურველმა მიგრანტებმა, ფეიქრიშვილი პასუხობს, რომ მიგრანტმა (რომელიც იყო საზღვარგარეთ, მინიმუმ, ერთი წლის განმავლობაში არალეგალურად ან იყო თავშესაფრის მაძიებელი ან სარგებლობდა თავშესაფრით და დაბრუნებიდან სააგენტოსთვის მომართვამდე არ არის ერთ წელზე მეტი გასული) უნდა წარადგინოს პროექტის გეგმა (განაცხადი და თანდართულო დოკუმენტები), რომელსაც განიხილავს კომისია და წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით შეაფასებს. დაფინანსდება მხოლოდ შესაბამისი გამსვლელი ქულის მქონე განაცხადები, არსებული რესურსის ფარგლებში.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიგრანტი გრანტს არა თანხის, არამედ შესაბამისი ტექნიკის სახით მიიღებს.

„თანხის გადაცემა არ ხდება, არამედ ხდება პროქტის განსახორციელებლად საჭირო მათ მიერ მოთხოვნილი ნივთების (ტექნიკა-დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების) შესყიდვა და გადაცემა“, – განმარტავს ფეიქრიშვილი.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close